26 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე - საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის განხილვა იწყება

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის განხილვა იწყება. დღეს პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევითა და მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ დღეს პროცესზე დაიკითხებიან სამედიცინო ექსპერტები.

„დღეს დაიკითხებიან ექსპერტები და ასევე დაიკითხება ექიმი, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარება სტაციონარში გაუწია ერთ-ერთ გარდაცვლილს. რაც შეეხება ექსპერტებს, დაიკითხება სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა ერთ-ერთი გარდაცვლილის სხეულზე,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ინგა შარაშენიძე მირზა სუბელიანის დაკითხვას მოითხოვს, რომელიც პროკურატურის ყოფილი თანამშრომელია და ასევე საქმის ერთ-ერთი მოწმის, მიხეილ კალანდიას ნათესავია.

„დაახლოებით, 10 მნიშვნელოვანი მოწმე დარჩა ბრალდების მხარეს დასაკითხად და თუ ბრალდების მხარე მოხსნის მათ დასაკითხ პირთა სიიდან, დაცვის მხარე და მე დავკითხავ ყველა მნიშვნელოვან მოწმეს,“ - განაცხადა ინგა სარაშენიძემ.

დღის ამბები