28 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
მნიშვნელოვანია, სირიის რეჟიმის აღიარებას არ მოჰყვეს რეგიონში სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა - სალომე სამადაშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავწიოთ ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევა იმისთვის, რომ სირიის რეჟიმის აღიარებას არ მოჰყვეს რეგიონში სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შეფასებისას გააკეთა.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შემდეგ რუსეთმა სათანადო პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა და სწორედ ამის გაგრძელებაა სირიის მიერ აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება.

„რუსეთის ყველა ნაბიჯი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის და ანექსიის გაღრმავების თვალსაზრისით, დარჩა დაუსჯელი. რუსეთს არ მოუწია არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არაფერზე და ეს ყველაფერი გაგრძელდა ლოგიკურად, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი დღეს უკვე წარმატებას აღწევს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების მოპოვების თვალსაზრისით,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი ასევე, საქართველოს ხელისუფლებას მყარი პოზიციების არქონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრევენციის მიზნით მთავრობამ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გააქტიუროს, რათა რეგიონში სხვა სახელმწიფოებმაც არ გადადგან სირიის მსგავსი ნაბიჯები.

„დღეს საქართველოს პოზიციები ბევრად უფრო მყარი იქნებოდა, ჩვენ რომ ბევრად უფრო მკვეთრი პოზიცია დაგვეფიქსირებინა რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის, სანქციების კონტექსტში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავწიოთ ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევა იმისთვის, რომ სირიის რეჟიმის აღიარებას არ მოჰყვეს რეგიონში სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სირიამ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღიარების მიზეზები განმარტა. 

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, - ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები