28 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
19 პოლიტიკური პარტია საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობს

19 პოლიტიკური პარტია ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია თანხმდება, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო შესაცვლელია. კონკრეტულ წინადადებებს ოპოზიცია მმართველ გუნდს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს საარჩევნო კანონმდებლობაში.

„თუ ხელისუფლებას სურს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშნვნის შემთხვევაში ჩატარდეს რეალურად თავისუფალი არჩევნები, რომელიც ასახავს ჩვენი მოსახლეობის ნებას, მაშინ ცხადია, მათ ასევე, უნდა გაითვალისწინონ ის ცვლილებები, რომელთაც ჩვენ შევთავაზებთ,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი აღნიშნავს, რომ მისი პარტიის ინიციატივაა მაჟორიტარული სისტემის მრავალმანდატიან სისტემაზე გადასვლა.

„იქნება არა 73 ოლქი, არამედ რამდენიმე სამმანდატიანი და ოთხმანდატიანი ოლქი,“ - განაცხადა თარხნიშვილმა.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, რომ მანდატები „მოიპაროს.“

„საარჩევნო ადმინისტრაცია არის ტენდენციური. 12 ადამიანიდან 9 "ქართული ოცნების" არის და 3 არის ოპოზიციის, როცა არბიტრი ტენდენციურია, ყველა მატჩი დამთავრდება კონკრეტული გუნდის სასარგებლოდ. ის, როდესაც შეწირული თანხებიდან 90 პროცენტი მიდის ერთი პარტიის ყულაბაში და დანარჩენი ყველა პარტია თანხების 10 პროცენტს იღებს, ბუნებრივია, ამ ფინანსური მონოპოლიის პირობებში თანასწორობაზე საუბარი არის ზედმეტი,“ - განაცხადა კაციტაძემ.

დღის ამბები