26 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
ბავშვები ნამდვილად ესწრებოდნენ, უყურებდნენ ყველა დეტალს, სისხლიან დედას - მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა გამოკითხეს

ვეფხია ბაქრაძეს, რომელმაც საკუთარი გერი, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა, განზრახ მკვლელობის მუხლით ასამართლებენ.

13 აპრილს, თბილისის ცენტრში მომხდარ ტრაგედიას, წინ უსწრებდა ბრალდებულის მხრიდან მოკლულის დედის მიმართ მუდმივი მუქარა და შანტაჟი.

დღეს სასამართლოს ჩვენება მოკლული გოგონას დედამ მისცა. მომდევნო პროცესზე კი თაკო გამრეკელაშვილის დის გამოკითხვა იგეგმება.

გარდაცვლილი თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გობაძე აცხადებს, რომ სასამართლოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

„ბავშვები ნამდვილად ესწრებოდნენ, არამარტო ესწრებოდნენ, თავისი თვალით უყურებდნენ ყველა დეტალს, სისხლიან დედას, პირველი სად დაარტყა, სად წაიყვანა, სად დატოვა და როგორ გადახტა ფანჯრიდან,“ - განაცხადა გობაძემ.

პროკურორის, გია შაიშმელაშვილის თქმით, საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ვეფხია ბაქრაძის ბრალეულობა დადასტურდეს.

ბრალდების მხარის განცხადებას ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი არ იზიარებს. ლევან მარსაგიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობას აღიარებს, თუმცა, არ აღაირებს განსაკუთრებულ სისასტიკეს, ბავშვების თანდასწრებით.

გამოძიების ინფორმაციით, ბაქრაძემ 13 აპრილს, საკუთარი გერს, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა. მანამდე კი ბრალდებული, მოკლულის დედას, მის ყოფილ მეუღლეს მუდმივად ემუქრებოდა და აშინებდა.

გამოძიება ბაქრაძეს განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები