26 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის - მხარდამჭერთა სიების გადამოწმება, "ევროპული საქართველოს" წევრის განცხადების საფუძველზე დაიწყო 

დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის - გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ახსნა-განმარტებას დავით ბაქრაძისგან მოითხოვს.

ირკვევა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი სიების გადამოწმება, "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

საქმე ეხება "ეროვნულ დემოკრატიული" პარტიის მხარდამჭერების სიას, რომელიც შეტანილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში და ამ სიაში რამდენჯერმე დაფიქსირდა ბესო დონაძის სახელი და გვარი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრი და ამავდროულად  საოლქო კომისიის წარმომადგენელია მარნეულში.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია“-ს  წევრები აცხადებენ, ამის შემდეგ ბესო დონაძემ განცხადებით მიმართა ცესკოს იმის დასაფიქსირებლად, რომ ის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელია და არ არის მხარდამჭერი გაერთიანებული ოპოზიციის  კანდიდატის. შედეგად პროცესმა გადაინაცვლა პროკურატურაში და ხელმოწერებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

ნიკა მელიას თქმით, მაშინ როდესაც ოპოზიცია ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად უნდა გაერთიანდეს, თავად ოპოზიცია უჩივის კოლეგებს.

„არ მინდა წარმოვიდგინო საკუთარი თავი ოდესმე საკუთარი თავის ადგილას.  აი ამ გენერალურ ბრძოლაში ოლიგარქთან, იმ ბრძოლაში სადაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ წელს ოქტომბრის არჩევნებში, ამ დროს პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია და რომ კითხო არიან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, მათი  პოლიტიკური  საბჭოს წევრი უჩივის სხვა ოპოზიციურ პარტიას პროკურატურაში. აი რა ჰქვია ამ საქციელს, მე სახელს არ დავარქმევ. ბატონმა დავით ბაქრაძემ გასცეს  პასუხი,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კოლეგების ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც ბრძოლა უწევს ხელისუფლების და ფსევდო ოპოზიციის წინააღმდეგ.

„სამარცხვინოა, როგორც ისინი იქცევიან და სამარცხვინოა იმ თამაშში აყოლა, რასაც  სუს-ი და „ქართული ოცნება“ გეგმავს პროვოკაციულად ჩვენთან მიმართებაში.  სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ხელისუფლებასთან და ვითომ ოპოზიციასთან ბრძოლა ამ არჩევნებში. მაგრამ ამას ყველაფერს გავაკეთებთ. ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს 28 ოქტომბერს,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ სუს-ს ცესკოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს თამარ ჟვანიას სახით. მისივე თქმით, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნებს წააგებს, ამიტომ ამ დრომდე გაუგონარი მეთოდებით იბრძვის. 

დღის ამბები