26 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, იმყოფებიან

გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ლიდერები და მხარდამჭერები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, იმყოფებიან.

პოლიტიკოსები და ფილარმონიაში შეკრებილი მოსახლეობა შვილმოკლული მამების პროტესტის ადგილზე, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, მსვლელობით მივიდნენ.

ზაზა სარალიძის თქმით, შვილმოკლული მამები ყველა პოლიტიკური პარტიის წარომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების, მხარში დგომასა და უსამართლობასთან ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

„ნებისმიერ პარტიას შეუძლია, ჩვენთან მოვიდეს, მმართველი გუნდიდანაც, თუ კიდევ ვინმეს ადამიანობა შერჩენია, შეუძლია, მოვიდეს ჩვენთან, დაგვიდგეს გვერდით და ერთად ვებრძოლოთ ამ უსამართლობას. არავის არ ვყოფთ ჩვენ, ჩვენ ვართ უბრალო ადამიანი და არა პოლიტიკოსები, ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერებს მოვუხმეთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა ეს მკვლელი ხელისუფლება მოვაშოროთ აქაურობას,“ - განაცხადა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა დადგინდეს სიმართლე.

„ისინი ჩვენთან მოვლენ, ჩვენ მაგათთან მივალთ. ამ შემთხვევაში შევძლებთ, ერთიანი ძალებით დავადგინოთ სიმართლე,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები