16 ოქტომბერი 2019,   20:02
ვრცლად
მოდით და დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ ამ კანონს არ შემოაბრუნებთ უკან - რომან გოცირიძე მმართველ გუნდს მიმართავს

კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტი მთავრობამ დღეს უკან გაიწვია, თუმცა სადავო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ გახდა მწვავე დაპირისპირების მიზეზი.

უმრავლესობამ ოპოზიცია სიყალბეში დაადანაშაულა, ოპონენტებმა კი ხელისუფლებას საპასუხო ბრალდებები წაუყენეს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს არ სჯერა, რომ ხელისუფლება საბოლოოდ ამ კანონპროექტის მიღებაზე უარს იტყვის და ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო გათვლაა.

„ეს არის ფანდი, დროებით გაგაქვთ კანონი თუ ამ 500 პროცენტიანი მოგებით თვალანთებული ადამიანის, ასე ვთქვათ, სურვილები საბოლოოდ იქნება ჩაცხრობილი იმიტომ, რომ 500 პროცენტიანი მოგება, ეს ძალიან ოხერი რამ არის და დიდი მაცდუნებელი რამ არის. თუ თქვენ ამ კანონის უკან დაბრუნებას არ აპირებთ და ეს ეკლესიასთან შეხვედრის შემდეგ მოხდა, მაშინ მოდით და დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ ამ კანონს არ შემოაბრუნებთ უკან, აი, მაშინ დაგიჯერებთ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და გაერთიანებული ოპოზიცია პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ამ კითხვას სვამს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატმაც რა იკადრა, რაც საქართველოში დღემდე არავის არ უკადრია. შევიდა პატრიარქთან და ტყუილი გამოიტანა გარეთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია ასევე გააკრიტიკა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ოპონენტები საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ტყუილად ზეიმობენ.

„ცუდი სანახავი იყო, როდესაც გვეუბნებით ბიბლიაზე დაიფიცებთ, რომ ამას არ შემოიტანთ. ბიბლიას რომ ახსენებთ ასეთი ირონიით და ქილიკით უკვე ძალიან მძიმე სანახავი ხართ, ეს ერთი, მეორე, გამარჯვება-დამარცხების დათვლა ისე, რომ იცით, როგორც თქვენ გინდათ ხოლმე და განზრახ ამას რომ ცვლით, ამის საუკეთესო და ყველაზე ტრაგიკული მაგალითი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებია, 12 აგვისტოს რა აზეიმეთ აქ ხალხს, ასე, რომ ამას ტრანსფორმირებას როგორ უკეთებთ, რა არის გამარჯვება-დამარცხება, ეს ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, როგორ ითვლით ამ ციფრებს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ხელისუფლებამ კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება საპატრიარქოში სასულიერო პირებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

დღის ამბები