26 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
"ვერც გაიგონებთ სადმე, რომ გვყავდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ხელისუფლება და ის კანდიდატი გადამალეს" - ოთარ კახიძე

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას არჩევანის ეთერში აფასებს, სადაც ივანიშვილმა მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ ახსენა და მმართველი გუნდი აღარ აჩენს მეორე ტურისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს.

„ღიმილისმომგვრელია ახლა ნამდვილად იმის გარჩევა, რატომ არ აჩენენ პრეზიდენტობის კანდიდატს. ასეთ რაღაცას უბრალოდ ვერც წაიკითხავთ, ვერც გაიგონებთ სადმე, რომ ჩვენ გვყავდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ხელისუფლება და ის კანდიდატი, უბრალოდ, არ ჩანს, გადამალეს. სჯობდა, რომ მანამდე გადაემალათ, სანამ საერთოდ მის წამოყენებას გადაწყვეტდნენ, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ აბსოლუტურად სამარცხვინო კანდიდატი შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტად. შესთავაზა კანდიდატი, რომლმაც პრაქტიკულად გააკეთა ყველა ისეთი განცხადება, რომლითაც უკვე დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები,“ - ამბობს კახიძე.

ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ახლა საპრეზიდენტო არჩევნების სახით რეფერენდუმი იმართება, სადაც გაირკვევა, მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ივანიშვილს და ოცნების 6-წლიან მმართველობას.

„ამ მმართველობის მთელი სიმახინჯე თავისი არსით ჩვენ წარმოგვიდგა არჩევნებამდე ორი დღით ადრე, როდესაც შვილმოკლულ მამას, ზაზა სარალიძეს, რომლის შვილის მკვლელსაც ჯერ ხელი დააფარეს, შემდგომ ეს ხელისდამფარებლები არ დასაჯეს და ბოლოს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე დააკავეს შვილმოკლული მამა და არჩევნების დღეს მას წარუდგინეს ბრალდება, ეს იყო ამ 6-წლიანი მმართველობის დამაგვირგვინებელი ამბავი,“ - განაცხადა კახიანმა.

კახიანის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი "გაღიზიანებული და შეშინებულია".

დღის ამბები