15 დეკემბერი 2018,   07:22
ვრცლად
"400-ლარიანი პენსია და მსგავსი ავანტურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას" - ივანე მაჭავარიანი

2019 წლის ბიუჯეტი და ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს საბიუჯეტო ხარჯები 13 მილიარდ ლარს მიაღწევს.

ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მან ოპოზიცია პოპულიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 400-ლარიანი პენსია ტყუილი დაპირებაა.

„პოლიტიკა, ესე ვთქვათ, მოითხოვს თავის მსხვერპლს. ჩემი თხოვნაა, შევინარჩუნოთ საღი აზრი და აბსურდული და ისეთი მოსაზრებები, როგორიცაა 400-ლარიანი პენსია და მსგავსი ავანტურისტული მოწოდებები პრაქტიკულად მთლიანად საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მის საპასუხოდ კი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შესაძლებელი გახდება პენსიის 400 ლარამდე გაზრდა.

„იყო დემაგოგური განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს და ვიღაცა ამბობს, რომ პენსიას გავზრდით 400 ლარამდე. პენსიას გავზრდით, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში და თქვენ ამას დაინახავთ. ახლა სხვა შეკითხვები - მინისტრის მიმართ ასეთი შეკითხვა მაქვს, რატომ არ გაიზარდა პენსია შარშან, თუნდაც, 20 ლარით, რატომ არ გაიზარდა პენსია, თუნდაც წელს, 20 ლარით?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფინანსთა მინისტრთან ოპოზიციას სხვა კითხვებიც ჰქონდა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ახერხებს 900 მილიონი ლარის დახარჯვას, მილიარდ რვაასმილიონიანი ბიუჯეტიდან 50%იანი ბიუჯეტის ათვისებასაც ვერ ახერხებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და აქედან 600 მილიონი ლარი ჯერჯერობით 800 მილიონი ლარიდან აუთვისებელი აქვს კაპიტალური გზების ჩქაროსნული მაგისტრალის მიმართებით და რატომ?“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

სალომე სამადაშვილმა კი დაინტერესდა, მაშინ, როდესაც სუს-ის დაფინანსება იზრდება, რატომ ვერ ხერხდება გაიზარდოს, მაგალითად, შშმ პირების პენსიები.

„მესმის, ქალბატონებო და ბატონებო, რომ ქართული ოცნების მმართველობა მთლიანად ეფუძნება ამ უწყების მუშაობას და თქვენი საარჩევნო გეგმები მთლიანად სუს-ზე გადის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, გკითხონ, სადაც რეალურად ვერ ზრდით პენსიებს, ვერ ეხმარებით შშმ პირებს, ამ უწყების ბიუჯეტი რატომ იზრდება ათი მილიონი ლარით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვები ფინანსთა მინისტრთან მმართველი გუნდის წევრებსაც ჰქონდათ.

ენძელა მაჭავარიანი დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა ომის ვეტერანების დახმარება 22 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდოს.

„ჩვენთან ადრე იყო განხილული ომის ვეტერანების პრობლემები, რომლებიც 22-ლარიანი დახმარების გაზრდას ითხოვდნენ და ჩვენ დავპირდით მათ ამის გაზრდას და აგრეთვე ის პრობლემა, რის გამოც ჩვენ ორი თვის წინ მოგვიხდა პრემიერ მინისტრის გათავისუფლება. რამდენად მოხსნის ეს 30 ლარამდე გაზრდილი დახმარება ამ პრობლემას,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა. 

დღის ამბები