21 სექტემბერი 2019,   01:18
ვრცლად
"ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ მოიპარა"-ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე საუბრობს

ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე და მაშტაბურ დარღვევებზე საუბრობს. ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, კენჭისყრის გაყალბება ე.წ. კარუსელის მეშვეობით, უბნებიდან გატანილი ბიულეტენები და სამაგიდო წიგნები. მთავარ სახიფათო ტენდენციად კი ოპოზიცია საარჩევნო პროცესებში ქუჩის და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვას ასახელებს.

გარდა ამ ფაქტებისა ოპოზიცია სახიფათო ტენდენციად აფასებს ასევე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებს, რომელსაც როგორც ენმ-ში ამბობენ, მასიური ხასიათი ჰქონდა.

„სისტემატიური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, სადაც ადამიანები პირდაპირ არიგებდნენ ფულს საარჩევნო უბანთან. რეალურად ეს საერთოდ არჩევნებად ამ პროცესის შეფასებაც კი ძალიან რთულია. ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ მოიპარა,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სისტემატური ხასიათის დარღვევებზე საუბრობს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეც. მისი თქმით ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ განავითარა ის მეთოდები, გაყალბების, რომელიც აქამდე იყო აპრობირებული, დაამკვიდრა ისეთი ტენდენციები რომელიც აქამდე პოლიტიკოსებს არ უნახავთ.

„სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც პირადი მონაცემები ასე ხელში ეჭირათ, თავისი  ფოტოებით, სამაგიდო სიები კოორდინატორებს ეს აქამდე არ გვინახავს. ხელისუფლება მზად იყო ყველა წითელი ხაზი გადაელახა და უკვე დანაშაულზეც წასულიყო. მან ღიად მოქრთამა ამომრჩეველი,“-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს პაატა დავითაიაც. „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მოქალაქეების მოსყიდვას სხვადასხვა სახის პროდუქტით, ასევე დაფიქსირდა არაერთი ფაქტი საარჩევნო უბნებთან მოქალაქეებისთვის ფულის გადაცემის.

„ეს არის პირდაპირი მოსყიდვა ფულით. არ ვიძახი კარტოფილზე და ხახვზე, არამედ საუბარია ფულით. ამის მტკიცებულებაც არის, სადაც არის სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები და პირდაპირ მითითებული თანხები, რა თანხაც იქნა გაღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დანაშაული, რომელიც მიუთითებს პირდაპირ მოსყიდვაზე. ძალიან დიდი ვალდებულებები აიღო სახელმწიფომ კრიმინალთან. რეალურად მოხდა შსს-ს და კრიმინალის ერთობლივი სინთეზური მოქმედება, რაც აბსოლუტური კატასტროფაა,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.   

დღის ამბები