26 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
ზეწოლა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - ომბუდსმენმა საქმის შესწავლა დაიწყო

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ გააკეთა.

სახალხო დამცველის თქმით, ია კერზაიას საქმის შესწავლა დაიწყება არა მხოლოდ პოლიტიკური დისკრიმინაციის მიმართულებით, არამედ ზეწოლის მიმართულებითაც. მისივე განცხადებით, საქმის შესწავლა ოჯახთან კომუნიკაციის შემდეგ დაიწყეს.

„ჩვენთან არის შემოსული წერილი, რითიც განმცხადებელი ითხოვს დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. გადავწყვიტეთ, რომ შევისწავლოთ ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ყოველმხრივად, არა მხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ არის თუ არა სხვა სამართალდარღვევის ნიშნები იმიტომ, რომ აქ საუბარი არის ზეწოლაზე, საარჩევნო მიზნებით, საუბარი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამიტომ, ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

ია კერზაიას საქმეს ასევე სწავლობს და აკვირდება არასამთავრობო სექტორი. საია-ში აცხადებენ, რომ მასწავლებლებზე პოლიტიკური ნიშნით შესაძლო დევნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

„აუცილებელია, რომ გამოძიებამ დროულად და სწრაფად შეძლოს ყველა იმ ინფორმაციის შეკრება, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ქალბატონ იას გარდაცვალებას, მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ გარდაცვალებამდე იყო რიგი საუბრები, რომ ეს შეიძლება განპირობებული ყოფილიყო იმ მოვლენებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა საარჩევნოდ ქვეყანაში. ახლა ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ეს უკავშირდება თუ ამ ფაქტს, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს და გატარდეს ყველა ღონისძიება, რომელიც საზოგადოებაში ამ მიმართულებით არ დატოვებს კითხვებს,“ - განაცხადა სულხან სალაძე.

ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ია კერზაიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლებში მასწავლებლებზე ზეწოლამ სისტემური ხასიათი მიიღო განათლების სამინისტრო "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სადამსჯელო ინსტრუმენტად გადაიქცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები