26 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული შოთა შანიძე, სამი დღეა, შიმშილობს

გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, პატიმარი შოთა შანიძე, სამი დღეა, შიმშილობს. ოჯახის წევრების განცხადებით, ის უარს ამბობს საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე.

შოთა შანიძე 4 წლის წინ გეგუთის ციხეში ცემით მოკლული მსჯავრდებულის, გიგა ფარტენაძის, საქმეზე გასამართლებული სამი პატიმრიდან ერთ-ერთია.

შანიძე პროტესტის რადიკალური ფორმით ამ საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ გეგუთის საპატიმროში არავინ უცემია.

პატიმარი გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხის 322-ე საკანში 2014 წლის 4 მარტს ცემით მოკლეს. პატიმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ტრაგიკულ შედეგამდე ისე მივიდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ და ბადრაგებმა ვერ აღკვეთეს.

საქმის მასალების მიხედვით, ფარტენაძეს სახეში რკინის ჩაიდანს ურტყამდნენ, რომელიც პატიმრებს საკანში ჰქონდათ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სამი პირი სცნო და მათ 9, 11, შოთა შანიძეს კი 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოშიმშილე შოთა შანიძე და მისი ადვოკატი ამტკიცებენ, რომ საქმე შეკერილია. სისხლიანი საკნიდან გამქრალი და წაშლილი მტკიცებულებები, ჩაუტარებელი ექსპერტიზები და საგამოძიებო მოქმედებები და დაუკითხავი მოწმეები კი დარღვევების მხოლოდ ნაწილია. საქმის გაყალბებაში ხელს იმ დროს მოქმედ მაღალჩინოსნებს ღიად ადებენ.

სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაშინ - დიმიტრი დარბაისელი, გეგუთის ციხის უფროსი კი კახაბერ ბებია იყვნენ. ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესებზე ადვოკატს დეტალურად საუბარი არ სურს და ამბობს, რომ პატიმარ შანიძეს და მის ოჯახს საფრთხე დაემუქრება.

ცემით მოკლული გიგა ფარტენაძის ოჯახს ეჭვი არ ეპარება, რომ შოთა შანიძეც და მასთან ერთად გასამართლებული კიდევ ორი პირი დამნაშავეები არიან. უკვე წლებია, იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ დამნაშავეთა რიცხვი გაცილებით დიდია.

ფარტენაძის ოჯახიც საქმის მთავარ გამყალბებლად დიმიტრი დარბაისელს ასახელებს, რომელმაც ხელი ე.წ. მაყურებლებს დააფარა.

დაწყებულია თუ არა საქმის ხელახალი გამოძიება, მთავარ პროკურატურაში განმარტებებს არ აკეთებენ.

უახლოეს კვირებში კი გეგუთის ციხის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს. განხილვა, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა, იანვრის ბოლოს გაგრძელდება.

დღის ამბები