26 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
„უნდა გავთავისუფლდეთ პოლიტიკური ვაჭრობისგან" - დიმიტრი ხუნდაძე გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე 

„უნდა გავთავისუფლდეთ პოლიტიკური ვაჭრობისგან, პრივატიზებისგან რომელიმე კონკრეტული თემის, მით უმეტეს ასეთი მნიშვნელოვანის. კონფლიქტში მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ რამენაირად მოძებნონ გამოსავალი,“ - ასე გამოეხმაურა დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც მან ეკა ბესელია გააკრიტიკა.

მმართველი გუნდის წევრი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ურჩევს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნონ. ხუნდაძის შეფასებით, მოსამართლეების საკითხი არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, არამედ ყველას საზრუნავია. მისი აზრით, მმართველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოსამართლეთა 10-კაციან სიის დამტკიცების საკითხი გადაავადა.

„კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ საზოგადოებაში შეიტანონ ნათელი და არა, ვთქვათ, პრივატიზაცია მოახდინონ რომელიმე თემის, მაგალითად, სასამართლოების. ეს არის ყველას სატკივარი, ეს არის ყველას საზრუნავი, ისე, რომ არ არის ერთი ადამიანის, ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი. პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად, გადაავადა ეს საკითხი, გადაავადა იმ პირობით, რომ შეიმუშავებს კრიტერიუმებს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ცოტა ხნის წინ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერის საპასუხოდ კომენტარიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები