07 მაისი 2024,   08:41
ვრცლად
„მოსამართლეების ეს სია ვერ იქნება მიღებული, ეს სია შეჩერდება“ - ეკა ბესელია

„ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ეტაპზე ეს სია შეჩერდა,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ გააკეთა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრა. ეს ბიძინა ივანიშვილის წერილის შემდეგ ეკა ბესელიას პირველი ოფიციალური განცხადებაა. 

ეკა ბესელია ამბობს, რომ სიის განხილვის შეჩერების შედეგად მთავარი მიზანი მიღწეულია. ბესელია განმარტავს, რომ ახლა მეორე ეტაპი იწყება, როდესაც უნდა შემუშავდეს ცვლილებები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

„ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ, ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება და ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, იმიტომ, რომ პროცესი არ დასრულებულა,“ - განაცხადა ბესელიამ.

ბესელია ამბობს, რომ სიის შეჩერებასა და ახალი კრიტერიუმების შემუშავებაში მას და მის თანამოაზრეებს დიდი წვლილი მიუძღვის.

„ეს მიზანი ორივე, პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე ოთხშაბათს და ვფიქრობ, რომ ამად ღირდა ყველაფერი და ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და ყველა იმ ადამიანის მიზანი, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში,“ - განაცხადა ბესელიამ.

ბესელია საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს. 

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

დღის ამბები