26 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
შეიარაღებული დაპირისპირება ვერაზე - ადუაშვილს და ჯორბენაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს და კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ბრალის დადგენილება ადუაშვილს კლინიკაში გააცნეს, სადაც ის ამ დრომდე რჩება. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.  

კონსტანტინე ჯორბენაძეს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა. მისი ინტერესების დამცველი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს, რომელიც მას წარუდგინეს, არ ეთანხმება. ადვოკატის თქმით, კონსტანტინე ჯორბენაძემ დაჭრილი გიორგი ადუაშვილი პირადად მიიყვანა საავადმყოფოში.

„ის ნამდვილად იმყოფებოდა ადუაშვილთან ერთად. მან დაჭრილი ადუაშვილი მიიყვანა სასწრაფოდ საავადმყოფოში და მან გააკეთა ყველაფერი ის, რასაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი გააკეთებდა. რაც შეეხება დანაშაულს, მას არანაირი დანაშაული  არ ჩაუდენია, ეს ბრალდება, თუ ნამდვილად წაუყენებენ მას აღნიშნული მუხლით, იქნება აბსოლუტურად აცდენილი რეალობას,“ - აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

კაკაბაძე ორმხრივი დაპირისპირების შესახებ საუბრობს და ამბობს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

რაც შეეხება თავად გიორგი ადუაშვილს, ის მესამე დღეა, საავადმყოფოში იმყოფება. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი, ასევე მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ. გიორგი ადუაშვილის ადვოკატი, ზაზა მესხი ამბობს, რომ ადუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

„წარდგენილ ბრალდებას გაეცნო, ხელი მოაწერა, ჩავიბარეთ, მაგრამ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და ამჟამად იყენებს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. ის ჯერ კიდევ იმყოფება, ალბათ, ნარკოზის ქვეშ და, ალბათ, ხვალ იქნება სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ და შეიძლება შემდგომში ჩვენებაც მისცეს და განმარტოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში,“ - აცხადებს ზაზა მესხი. 

„კურიერის“ ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის სროლას წინ გარჩევა უძღოდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟიკო კორკოტაშვილია.

 

 

დღის ამბები