26 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ჯაჭვით ნაცემი ევროპის ჩემპიონი - პოლიციაში დაკითხვების სერია დაწყო

თავდასხმა ევროპის ჩემპიონზე - „კურიერის“ მოპოვებული სკანდალური კადრების შემდეგ პოლიციაში დაკითხვების სერია დაწყო.

დილიდან ვაკე-საბურთალოს სამმართველოში იბარებენ ყველას, ვინც სპორტის სასახლეში დაინახა, როგორ დაესხა თავს ცივი იარაღით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ევროპის ქართველ ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს.

ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში მწვრთნელი, ზურაბ შელია იმყოფება. მას დაკითხვაზე შესვლამდე განცხადება არ გაუკეთებია. 

ვიდეომასალაში, რომელიც „შაბათს კურიერის“ ეთერში გავიდა, კარგად ჩანს, რკინის თავიანი ჯაჭვი, რომელსაც გეგა გეგეშიძე სპორტსმენს, ზურაბ დათუნაშვილს სახეში ურტყამს.

სამართალდამცავების კითხვებს ასევე უპასუხებს თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, გოჩა ჩორგოლიანი.

ჩორგოლიანის თქმით, გეგა გეგეშიძეს თანამდებობის დატოვება მოუწევს და მასთან ერთად შეიცვლება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის შემადგენლობაც.

„პრეზიდიუმი ამ, შემთხვევაში საერთოდ გადასარჩევია, როგორც უნდა წავიდეს პრეზიდენტი, ისე ფედერაციის პრეზიდიუმიც არის გაყალბებული, პირდაპირ ვიტყვი, არ მოვერიდები, ნამდვილი წევრები ამოღებული არიან და არიან გეგას ხელდასმული პიროვნებები. გადასახედია ყველაფერი. ამას რეაგირება მოჰყვება, აუცილებლად გადადგება, სხვა გზა არ ექნება და შესაბამისს პასუხსაც აგებს, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ჩორგოლიანმა.

სპორტსმენის ცემის ფაქტზე უკვე გამოიკითხა დაპირისპირების დროს სპორტის სასახლეში მყოფი ჟურნალისტი, ქეთი ბაჩელაშვილი. მისი თქმით, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომხდართან დაკავშირებით.

„ერთი კონკრეტული ჩხუბი არ ყოფილა, აქა-იქ ხდებოდა რაღაც ბუნტები. ეგ მოვუყევი და ის, რატომ შეწყდა შეხვედრა, ანუ რის გამო დაიწყო დათუნაშვილის პროტესტი... ვუთხარი, თუ როგორ დაარტყა გეგეშიძემ ზურას,“ - განაცხადა ჟურნალისტმა.

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ ისინი სასამართლო წესით გამოიკითხებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები