27 აპრილი 2024,   03:07
ვრცლად
ვიმსჯელეთ ჩვენ ამ საკითხზე და გუნდი მივა დასკვნამდე - მმართველი გუნდი მზადაა ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა განიხილოს

ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას უკავშირდება, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

ალექსანდრე ერქვაია, რომელიც იმ 9 დეპუტატს შორის არის, რომელიც  კანონპროექტს ხელს აწერს, აცხადებს, რომ ის მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დაელოდება. მისივე განცხადებით, თუ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ იქნება, მაშინ  უმრავლესობის თითოეული წევრი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ცალკე რა, ყველა ხომ არ მოაწერდა ხელს და მხარდაჭერას მოიპოვებს თუ არა ამას დავინახავთ სესიაზე. სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, ჩვენი ხედვა და თუ ეს ხედვები დაახლოვდება და შევჯერდებით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ იქნება საერთო პოზიცია. თუ ვერ შევჯერდებით, ყველა მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით. მე იმედს ვიტოვებ, რომ უმრავლესობა შენარჩუნდება და გააგრძელებს იმ ფორმით არსებობას,  როგორიც არის დღეს,“-განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეკა ბესელიას ინიციატივასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" პრინციპული წინააღმდეგობა არ აქვს, თუმცა ანრი ოხანაშვილის განცხადებით გადაწყვეტილების გამოტანამდე უმრავლესობამ ჯერ სამართლებრივი არგუმენტები უნდა მოისმინოს.

„ეს საკითხი გუნდშიც დაისვა. ვიმსჯელეთ ჩვენ ამ საკითხზე, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ სამართლებრივი მოცემულობით, რაც გაგვაჩნია და ის მიზანი, რომელიც არის სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, ამ მიზნით. თუკი ჩვენ ამაში დავრწმუნდებით, ჩვენი აზრების გაცვლით, სამართლებრივი არგუმენტაციით და გუნდი მივა ამ დასკვნამდე, რა თქმა უნდა ნებისმიერი პირის ინიციატივა ვინც არ უნდა იყოს, იქნება მხარდაჭერილი,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. გიორგი კახიანი აცხადებს, რომ თუ კი არსებულ კანონმდებლობასთან კანონპროექტი სამართლებრივ წინააღმდეგობაში არ მოდის, მაშინ ის მხარს დაუჭერს.

გავეცნობი კანონპროექტს და როგორც იურისტი სამართლებრივ ანალიზს გავაკეთებ ხომ არ არის წინააღმდეგობაში არსებულ კანონმდებლობასთან. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადო გამწესების გადავადებას. თუ სამართლებრივი წინააღმდეგობა აქ არ არსებობს, მე ვფიქრობ ამაზე შეიძლება ვიფიქროთ და შესაძლებელია ეს ჩემი მხრიდანაც იქნას მხარდაჭერილი,“-განაცხადა გიორგი კახიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები