26 აპრილი 2024,   10:42
ვრცლად
კონტრაბანდული სიგარეტი სამეგრელოში - "კურიერმა" კონსპირაციული სამალავი გადაიღო

კონტრაბანდული სიგარეტი სამეგრელოში - ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თამბაქო სარეალიზაციოდ გადმოაქვთ და ის ზუგდიდის ყველა კუთხეში იყიდება. "კურიერმა" ზუგდიდში ერთ-ერთი ასეთი ფაქტი კონსპირაციულ სამალავში გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ რეალიზატორები აფხაზეთიდან გადმოტანილ კონტრაბანდულ სიგარეტს  კასრებსა და ტომრეში მალავენ. სამალავი საოკუპაციო ხაზთან ერთ-ერთი სახლის სარდაფში მდებარეობს. სწორედ აქედან მარაგდება კონტრაბანდული პროდუქციით მთელი სამეგერელო.

მოთხოვნა იაფფასიან პროდუქციაზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქართულ აქციზიანი თამბაქოს ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. "კურიერმა" დღეს რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა ზუგდიდშიც განახორციელა.

ფარული კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ გამყიდველი მყიდველს აფხაზურ აქციზიანი თამბაქოს დამალავს სთხოვს. მოვაჭრეებმა იციან რომ დანაშაულს სჩადიან თუმცა ამის მიუხედავად რისკზე მაინც მიდიან. კონტრაბანდული თამბაქო ქართულ აქციზიანზე 2 ლარით იაფი ღირს და შესაბამისად მასზე მოთხოვნაც დიდია.

"კურიერის" გადამღები ჯგუფის გამოჩენამ ბაზარში სიგარეტით მოვაჭრეები გააღიზიანა, განსაკუთრებული აგრესიით ერთი ქალბატონი გამოირჩეოდა, მოგვიანებით ის პოლიციამ  განყოფილებაში წაიყვანა.

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები