27 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმე - სასამართლო პროცესზე იაგო ნებიერიძის თანამშრომლები და სახლის მეპატრონეები გამოკითხეს

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმე - სასამართლო პროცესზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძის თანამშრომლები და იმ სახლის მეპატრონეები გამოიკითხნენ, სადაც სავარაუდოდ გოგონა მოკლეს. დღევანდელ პროცესზე 5 მოწმე გამოიკითხა.

საქმის პროკურორის თქმით, მათ გამოძიებას მნიშვნელოვანი დეტალები მიაწოდეს. მოწმეების გამოკითხვა 11 აპრილს, მომდევნო სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება.

„გრძელდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა იაგო ნებიერიძის პროცესზე. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა 5 მოწმე, მათ შრის 2 გამომძიებელი, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მისცეს დეტალური ჩვენება სასამართლოს მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ასევე, დაიკითხა ორი მოწმე, იმ სახლის მესაკუთრეები, სადაც მოხდა ეს ფაქტი. მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც მათი ჩვენებებით დგინდება იაგო ნებიერიძის შემხებლობა ამ საქმესთან. კონკრეტულ დეტალებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ,“ - განაცხადა ქვემო-ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორმა, ზურაბ წერეთელმა.

იაგო ნებიერიძის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს. 

„ბრალდების მხარე საერთოდ ძალიან ზემოქმედებს საზოგადოებაზე და იმთავითვე უნდა რომ დააჯერონ, ჯერ არ დასრულებულა პროცესი და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ. თუ უკვე დამტკიცებული აქვთ, მაშინ შეწყვიტონ პროცესი და დამთავრდა. ესე არ შეიძლება. ბევრი მოწმეა კიდევ დასაკითხი და მტკიცებულებების გამოსაკვლევია ზოგადად,“ - განაცხადა იაგო ნებიერიძის ადვოკატმა. 

დღის ამბები