28 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
ნატოს მინისტერიალის მეორე დღე ვაშინგტონში - ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის ახალ ზომებს განიხილავს

ნატოს მინისტერიალის მეორე დღე ვაშინგტონში - ლიდერები რუსულ საფრთხეებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს განიხილავენ. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის ახალ ზომებს შეათანხმებენ.

„რუსეთი არღვევს საშუალო და მცირე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას. ახალი ბირთვული შესაძლებლობების მქონე სისტემების განთავსებით ევროპაში. ამიტომ შევეხებით რუსეთთან ურთიერთობას და მის აგრესიულ ქმედებებს შავი ზღვის რეგიონში. შევთანხმდებით მხარდაჭერის ახალ ზომებზე ჩვენი უახლოესი მოკავშირეებისთვის საქართველოსა და უკრაინისთვის. ორივე სუვერენული ქვეყანაა საკუთარი გზის არჩევის სუვერენული უფლებით,“-განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

პლენარული სესია, ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად, მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო მდივანმაც გახსნა. მაიკ პომპეოს შეფასებით, წარმოქმნილ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ადაპტირება სჭირდება.

„უნდა მოვახდინოთ ჩვენი ალიანსის ადაპტირება მოსალოდნელი საფრთხეებისთვის ეს იქნება რუსული აგრესია, არაკონტროლირებადი მიგრაცია, კიბერთავდასხმები თუ ენერგოუსაფრთხოების რისკები. ეს გამოწვევები რეალურია. ახლა არ არის თავის მართლების დრო, რომ თითქოს ჩვენი მოქალაქეები მხარს არ უჭერენ თავდაცვის ხარჯების გაზრდას ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. ყველა ქვეყანა ვალდებულია აუხსნას მოსახლეობას რატომაა ეს რესურსები მნიშვნელოვანი არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ჩვენი ალიანსის სიძლიერისთვის,“-განაცხადა  მაიკლ პომპეომ.

დღის ამბები