28 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
სპეცოპერაცია ბარსელონაში - ქართველთა თავშესაფარი 300-მდე სპეცრაზმელმა შტურმით აიღო

სპეცოპერაცია ბარსელონაში მცხოვრები ქართველების დასაკავებლად. ქუჩაში ღამეების გათენების შემდეგ, ქართულმა ოჯახებმა ბავშვებთან ერთად მიტოვებულ სკოლას შეაფარეს თავი. შენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს წელიწადზე მეტია ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს აქვთ დაკავებული. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია 11 ადამიანი.

ქართველთა თავშესაფარი სინაის ქუჩაზე 300-მდე სპეც რაზმელმა შტურმით აიღო.

როგორც ესპანური მედია წერს ოპერაციის დროს, კოდური სახელწოდებით მერლი, ასევე დაკავებული არიან კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც ბარსელონასა და მის შემოგარენში 70-ზე მეტი ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.

ბარსელონაში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ საქართველოდან ემიგრირებულ ოჯახებზე ნადირობა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ესპანეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. 

ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება, საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ესპანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შსს-ს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და მასში 250-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. სპეცოპერაციის შედეგად სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, რომელთა შორის 25 საქართველოს მოქალაქეა. თუმცა, ესპანური მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ დაკავებულია არა 25, არამედ 11 ქართველი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წინასწარ არჩევდნენ საცხოვრებელ ბინებს, აკვირდებოდნენ და შემდეგ შედიოდნენ ბინებში. 

„სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის, საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე. სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ნაღდი ფული,“ - აცხადებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვლადიმერ ბოცვაძე.

დღის ამბები