28 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
უძველესი სახარება დაღესტანში - ქართველი მეცნიერები ქართულ ოთხთავს სწავლობენ

ქართველი მეცნიერები უძველეს ქართულ ოთხთავს სწავლობენ. სავარაუდოდ, მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში შექმნილი ორენოვანი ხელნაწერი დაღესტანში აღმოაჩინეს. ქართველი მკვლევარების ადგილზე ჩასვლის შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს ასომთავრულით შესრულებული სახარება იყო, რომელსაც საუკუნეების შემდეგ არაბული ტექსტი გადააწერეს.

შეუიარაღებელი თვალით უძველესი ქართული ხელნაწერის წაკითხვა რთულია, რადგან თავის დროზე მისი წაშლა ეტრატის ხელმეორედ გამოყენების მიზნით გადაწყვიტეს. პალიმფსესტი დღეისათვის ერთადერთი ნიმუშია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართულ არაბული ხელნაწერი ამ სახით შემოგვინახა.

რა წერია, სავარაუდოდ, მეთერთმეტე/მეთხუთმეტე საუკუნეებით დათარიღებულ არაბულ ტექსტში, დაღესტნელმა მეცნიერებმა ზუსტად არ იციან. 

2018 წლის შემოდგომაზე ადგილზე ორკვირიანი დაკვირვების შემდეგ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერმა, დალი ჩიტუნაშვილმა აღმოაჩინა, რომ საქმე უძველეს ძეგლთან ჰქონდა, რადგან დოკუმენტი ასომთავრულით შესრულებული სახარება იყო.

ეტრატი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტექსტით თითო ფურცელი არაბული ხელნაწერისთვის ორად გაყვეს.

მეცნიერი დალი ჩიტუნაშვილი ამბობს, რომ ამ ხელნაწერში განსხვავებული და საინტერესო ლექსიკა შეხვდა, რამაც შესაძლოა, ისტორიაში ცვლილებები შეიტანოს. რამდენად უნიკალურია დაღესტანში აღმოჩენილი უძველესი ქართული ოთხთავი, ეს მისი სრულად შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

დღის ამბები