30 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ბარსელონაში და დაკავებული 11 ქართველი - „კურიერის“ ჯგუფმა სკოლის მიტოვებულ შენობაში შესვლა შეძლო

მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში - „კურიერის“ ჯგუფმა სკოლის მიტოვებულ შენობაში შესვლა შეძლო, სადაც 300-მდე ესპანელი სამართალდამცველი მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას ატარებდა.

ესპანეთში თავშესაფრის მოთხოვნით ჩასულ მოქალაქეებს სკოლის მიტოვებულ შენობაში უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

ამ წუთისთვის შენობაში სამართალდამცველები იმყოფებიან და იქ მყოფებს კითხავენ. 

„კურიერთან“ საუბარში შენობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში თავშესაფრის მიცემაზე ესპანეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს უარს ეუბნება.

მიზეზი კი მათივე განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთში ვიზიტია. ემიგრანტები ამბობენ, რომ დავით ზალკალიანმა ესპანეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა. 

ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დაკავებული საქართველოს 66 მოქალაქე, სამართალდამცველების გადაწყვეტილებას ელოდება.

დღეს პოლიცია საგანგებო განცხადებას გააკეთებს და დაკავებული ქართველების ბედი გადაწყდება. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ 11 ქართველს კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებიან, დანარჩენებს ესპანეთში არალეგალურად ყოფნას.

საქართველოს მოქალაქეები „კურიერთან“ საუბრისას ყვებიან, ქუჩაში გასვლის ეშინიათ, რადგან მათზე ნადირობაა გამოცხადებული.

სპეცოპერაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ბარსელონას სკოლის მიტოვებულ შენობაში გუშინ ჩაატარეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართველი ემიგრანტები მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ესპანეთმა მათ თავშესაფარზე უარი უთხრა და ქუჩაში დარჩნენ.

დაკავებულებს გამოძიება ბინის ქურდობას და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები