30 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
აქცია თერჯოლის რაიონში - სოფელ კვახჭირისა და სოფელ ოდილაურის მოსახლეობა ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ დაპირებული გზების დაგებას ითხოვს

თერჯოლის რაიონის სოფლების კვახჭირისა და ოდილაურის მოსახლეობამ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან აღნიშნულ სოფლებში გზების დაგებას ითხოვენ. მათი თქმით,  წინასაარჩევნოდ მთავრობა გზების დაგებას ჰპირდებოდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთადერთი დაპირება, რომელიც შესრულდა არის ის, რომ სასმელი წყლის მილები გაიყვანეს, თუმცა ქსელი დაზიანებულია და კვირაში ორჯერ მოსული წყალი დასალევად უვარგისია. ადგილობრივების აცხადებენ, რომ  გაშვებული წყალი ქუჩაში მოედინება და ისედაც დაზიანებულ გზებს უფრო სავალალო მდგომარეობაში აგდებს.

„გზის გაკეთებას  გამგებელი კი გვპირდება, მაგრამ რა ქნას ახლა იმან, თუ არავინს მისცა ფული... რადგან ჩვენ ნაციონალებს შევუწყვეთ ხელი, ესე იგი, აღარავინ აღარ გვაქცევს ყურადღებას, ესე იგი, ჩვენ ვითომ მტრები ვართ საქართველოში,“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ნოდარ ზოსიაშვილი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ხელისუფლება სოფლებში მდგომარეობის გამოკეთებას შეგნებულად არ ცდილობს, ვინაიდან იქ მაცხოვრებლებმა საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულ ოცნების“ კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს.

„ამ სოფელმა მხარი დაუჭირა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამის გამო ისჯება არჩევნების შემდეგ. გზა არ  გაკეთდა, წყალი გააკეთეს და ეს თანხა შეიჭამა, იმიტომ, რომ მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება, წყალი არის უვარგისი და განათება მიიყვანეს იქამდე, სადამდეც ცხოვრობენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და იმის იქით კიდევ ადამიანები, რომლებმაც არ დაუჭირეს „ ქართულ ოცნებას“ მხარი განათების გარეშე დატოვეს, ეს არის გაუსაძლისი მდგომარეობა„- აცხადებს შუშანია.

მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები