30 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
სპეცოპერაცია ბარსელონაში და შტურმით აღებული შენობა - „კურიერმა“ ქართველების თავშესაფარში შექმნილი ვითარება გადაიღო

ბარსელონაში, სინაის შვიდ ნომერში მიტოვებულ სკოლის შენობაში უკვე 24 საათზე მეტია, ესპანური პოლიციაა მობილიზებული. სპეცოპერაციის დროს 66 ქართველი დააკავეს. ყველა, ვინც ქართველების დროებით თავშესაფარში შედის, სპეცკონტროლს გადის.

სინაის შვიდ ნომერში სპეციალური დანიშნულების რაზმის 500-მდე თანამშრომელმა მობილიზება გუშინ დილით დაიწყო და ოპერაცია კოდური სახელწოდებით ”მერლის” ფარგლებში შენობა ალყაში მოაქცია. თავშესაფარი სინაის ქუჩაზე სპეცრაზმმა შტურმით აიღო. თვითმხილველების ინფორმაციით, სპეცოპერაციაში ქართველი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ.

ქართველი ემიგრანტები ბარსელონას სკოლის შენობაში მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ესპანეთმა მათ თავშესაფარზე უარი უთხრა და ქუჩაში დარჩნენ. სპეცოპერაციის დროს შენობაში 17 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ისინი „კურიერთან“ დეტალურად იხსენებენ თუ როგორ აიღო შენობა შტურმით სპეცრაზმმა და როგორ იმალებოდნენ ბავშვები საათების განმავლობაში ოთახებში.

კატალონიისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ქართველი ემიგრანტები ბარსელონაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანი ოფიციალურ ვიზიტს უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, ესპანელმა სამართალდამცველებმა მათზე იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა.

სკოლის შენობაში, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, ასობით ქართველი ცხოვრობს. მათ ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ. არ აქვთ ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ბავშვები კი დოკუმენტების არარსებობის გამო სკოლაში ვერ დადიან. ამ პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ თავის გატანას მაინც ახერხებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები