30 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
ბათუმის სანაპიროსთან ოლიმპიური ქალაქი დაინგრევა

ბათუმის სანაპიროსთან ოლიმპიური ქალაქი დაინგრევა - იძულებითი დემონტაჟის მოთხოვნა ქალაქის მერიამ აღსრულების ბიუროს უკვე გაუგზავნა. მუნიციპალურ ორგანოში ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფმა“ ბათუმის ცენტრში 7-სართულიანი კორპუსი უკანონოდ ააშენა.

უკანონოდ აშენებულ კორპუსში „სვეტი ჯგუფმა“ 300-ზე მეტი ბინა გაყიდა და ათასობით დოლარის შემოსავალი მიიღო. მენაშენეები ბათუმის მერიას კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.

მათი მტკიცებით, დემონტაჟის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე მენაშენეებმა საკუთრება იუსტიციის სახლში დაირეგისტრირეს. თუმცა, გაფრთხილება რომ „სვეტი ჯგუფი“ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს უკანონოდ აშენებდა, არ მიუღიათ.

მენაშენეების ნაწილმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ მათი სახლები არა კომპანია „სვეტის,“ არამედ „ორბის“ ტერიტორიაზე შენდებოდა.

მენაშენეები სასამართლო დავის დასრულებამდე დემონტაჟის გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ბინების მეპატრონეები მომავალი კვირიდან ბათუმის მერიასთან აქციებს იწყებენ.

მერიაში კი ჯერ არ იციან, რა ბედი ელის კომპანია სვეტის 300-ზე მეტ მესაკუთრეებს. ფინანსურ პოლიციაში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, თბილისელი მენაშენეებისგან განსხვავებით, ბათუმელებს უწყებამ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

„სვეტი ჯგუფს“ ელიტარული ტიპის ხუთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი. მათგან მხოლოდ ერთის 7 სართულია აშენებული. კვადრატული მეტრის ფასი 1000 დოლარი იყო.

მენაშენეების უმეტესობა ემიგრანტები არიან. კომპანიის წარმომადგენლები იახტ კლუბით ელიტარულ ბინებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყიდიდნენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები