30 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
ბოიკოტი პრეზიდენტს – დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები ზურაბიშვილს პოლიტიკური შეცდომების მონანიებისკენ მოუწოდებენ

ბოიკოტი საქართველოს პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ნაცვლად, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები პირველი პრეზიდენტის საფლავზე მივიდნენ.

ადამიანები, ვინც 28 წლის წინ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გააფორმეს, დღეს პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში არიან.

მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილს მანამდე არ შეხვდებიან, ვიდრე პრეზიდენტი მის პოლიტიკურ შეცდომებს არ მოინანიებს.

უზენაესი საბჭოს წევრები ყვებიან, რომ ემიგრაციაში მყოფი ზურაბიშვილი 1990-იან წლებში ერთ-ერთ იყო, ვინც კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას ამართლებდა.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ბოდიშის შანსი სალომე ზურაბიშვილმა დღეს გაუშვა.

ზვიად გამსახურდიას მომხრეებისა და მისი მთავრობის წევრების შეფასებით, ქართულ ოცნებასაც და მათ მიერ ხელისუფლებაში მოყვანილ პრეზიდენტსაც ზვიადის გუნდი მხოლოდ ახლა პოლიტიკური მიზნების გამო გაახსენდა.

მათი თქმით, წინ არჩევნებია, ჯერ შუალედური, მათ შორის, სამეგრელოში და შემდეგ საპარლამენტო მთელს საქართველოში, ამიტომ პატრიოტული თამაშები ოცნებისთვის  პოლიტიკურად სარფიანია.

9 აპრილი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებისთვის დიდი ტრაგედიის და დიდი გამარჯვების დღეა. ისინი ისტორიაში უკვე შევიდნენ, მათ ხელი მოაწერეს აქტს, რომლითაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები