30 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
"თამრიკო ჭოველიძის სახელი არ უნდა დავიწყებოდა ქალბატონ პრეზიდენტს, წარმოდგენა რომ ჰქონდეს 9 აპრილზე" - არკადი ჭოველიძე

"თამრიკო ჭოველიძის სახელი არ უნდა დავიწყებოდა ქალბატონს, წარმოდგენა რომ ჰქონდეს 9 აპრილზე ოდნავი მაინც," - ამის შესახებ განცხადება 9 აპრილს მოკლული თამარ ჭოველიძის მამამ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა წყენას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს პრეზიდენტს მისი შვილი გამორჩა.

სალომე ზურაბიშვილმა გარდაცვლილთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე საერთოდ არ ახსენა. არკადი ჭოველიძისთვის კი დარბაზში სკამი არ იყო გამოყოფილი.

„სკამი რომ არ გამოჩნდება თამრიკო ჭოველიძის მამისთვის დასაჯდომად, რა ვიცი, აბა. საერთოდ არავინ არ შემხვედრია, არავის უთქვამს, დაბრძანდითო და ადგილიც არ იყო. რომ გავიხედე და დავინახე სკამებზე ვინც ისხდნენ, შევარდნაძის მთავრობა მომაგონდა. სულ ეგენი ისხდნენ. პუტჩისტების უმრავლესობა იყო იქ დამჯდარი. მივეყუდე იქ კედელს და ვიფიქრე, რომ თამრიკოს სახელს იტყოდნენ და გამიხარდებოდა, მაგრამ ამ ქალმა ჩაიკითხა სია და არაფერი. შეიძლება, სიაში არ ეწერა, მაგრამ თვითონ ხომ უნდა სცოდნოდა თამრიკო ჭოველიძე. ძალიან ვწუხვარ და მე მთელს ერს მოვუხადე ბოდიში, რომ მის გაპრეზიდენტებაში ძალიან პატარა წვლილი მიმიძღვის,“ - განაცხადა არკადი ჭოველიძემ.

არკადი ჭოველიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, თამრიკო ჭოველიძის გვარის დასახელებას ერიდებიან და მას დევნიან.

„მე როგორც ვატყობ, თამრიკო ჭოველიძეს ებრძვიან. მე მხოლოდ იმიტომ წავედი დღეს პრეზიდენტის მიღებაზე, რომ მინდოდა, კიდევ ერთხელ გაეჟღერებინათ თამრიკო ჭოველიძის სახელი. მე მგონი, ებრძვიან თამრიკოს. მე რომ არ ვიყო ცოცხალი, ალბათ, ჩემს თამრიკოს ქვიანად შეჭამდნენ. არ ვიცი, რა მიზეზია. თამრიკო 9 აპრილის სიმბოლო იყო, როგორ შეიძლება, 9 აპრილი არსებობდეს და თამრიკო ჭოველიძე არ გახსოვდეს,“ - განაცხადა არკადი ჭოველიძემ.

მოკლული თამარ ჭოველიძის მამა ამბობს, რომ მისი ოჯახი მხოლოდ მედიას ახსენდება და სახელმწიფო ნება, რომ 9 აპრილს დაღუპულები გმირებად გამოაცხადოს, არ არსებობს.

„ვინც დაიღუპნენ 9 აპრილს, არავითარი საბუთი არა აქვთ, რომ ისინი არიან გმირები. თქვენ მეუბნებით, რომ თვენი შვილი გმირი იყოო, მე გეუბნებით, რომ არანაირი დამადასტურებელი საბუთი ამისი არ მაქვს,“ - განაცხადა არკადი ჭოველიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა განმარტება არ გააკეთა, თუ რატომ არ ახსენა მან თამარ ჭოველიძის გვარი. მისი აპარატის უფროსმა კი განაცხადა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო და თამარ ჭოველიძის გვარი სიაში ეწერა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები