28 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა, აფგან მუხთარლის საქმე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერს მწვავე კითხვები დაუსვეს

საქართველოს პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მწვავე კითხვებს პასუხობს. კითხვა - პასუხის დაწყებამდე, მამუკა ბახტაძემ საკონსტიტუციო რეფორმაზე, სასამართლო სისტემასა და თავისუფალი მედიის შესახებ ისაუბრა.

საკუთარ მოხსენებაში პრემიერმა ასევე ისაუბრა ოკუპაციაზე და ჩამოთვალა ყველა იმ ქართველის გვარი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლეს.

მწვავე კითხვების ნაწილი კი საპრეზიდენტო არჩევნებს, წინასაარჩევნოდ 600 ათასი ადამიანის ვალის დაფარვას, ასევე ელიტურ კორუფციასა და აფგან მუხთარლის საქმეს ეხებოდა.

მუხთარლის საქმეზე პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანელ კოლეგებთან თანამშრომლობს.

კითხვაზე, რომელიც 600 ათასი ადამიანისთვის ვალების ჩამოწერა სამართლებრივ ნორმებს და წინასაარჩევნოდ საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლას ეხებოდა, პრემიერმა განაცხადა, რომ ვალების ჩამოწერა მისი იდეა იყო და ეს დადებითად შეფასდა.

„600 ათასი ჩვენი მოქალაქე შავ სიაში იყო, მათ არანირი შანსი არ ჰქონდათ ქვეყანაში ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიეღოთ. არჩევნების წინ, როგორც პრემიერმა წამოვაყენე ეს ინიციატივა 2018 წლის აგვისტოში, განვაცხადეთ, რომ ვაპირებდით ამ პროგრამის განხორციელებას.

ეს რისკის წინაშე აყენებდა ქვეყნის ეკონომიკას. თუ შევხედავთ ბოლო რეიტინგებს საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებმა საქართველო დააწინაურეს და მთავრი არგუმენტი იყო,რომ ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვალების ჩამოწერის პროგრამას არჩევნებთან კავშირი არ აქვს“-განაცხადა ბახტაძემ.

ევროპელმა დეპუტატმა ბახტაძეს შეახსენა, რომ „ეკონომისტმა“ საქართველო დაახასიათა, როგორც ჰიბრიდული რეჟიმი და არასრულყოფილი დემოკრატიის მქონე ქვეყანა.

დეპუტატი დაინტერესდა, საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორ მოახერხებდა საქართველო დემოკრატიის გაძლიერებას.

„საქართველოში სრულყოფილი დემოკრატიაა და გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე. თქვენ ახსენეთ ეკონომისტი, რომელიც პატივსაცემია, მაგრამ გაგიზიარებთ სხვა ინფორმაციასაც, რაც გულისხმობს ჩვენს წარმატებას. ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური განვითარების კუთხით, საუკეთესო ინდიკატორი რეიტინგების გახდა,  სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობა, რომელიც 80% შემცირდა,“-განაცხადა ბახტაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძე ვენეციის კომისიაში გააგრძელებს შეხვედრებს, ევროსაბჭოს შენობის წინ კი დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

დღის ამბები