30 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
რუსეთის ჩარევა აშშ-ის არჩევნებში - სპეციალური პროკურორი რობერტ მალერი კონგრესში გამოიძახეს

სპეციალური პროკურორი რობერტ მალერი, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებდა, კონგრესშია გამოძახებული.

მალერი კანონმდებლებს უნდა ესაუბროს მისი დასკვნის შესახებ და ასევე განმარტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გამოძიებისთვის ხელის შეშლას პრეზიდენტის მხრიდან. საფუძველი კი, ანგარიშის ის ნაწილი გახდა, რომელშიც სპეცპროკურორი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ გამოძიებისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა.

მალერის ანგარიშში, 158-ე გვერდზე ისიც არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტის ძალისხმევა, მოეხდინა გავლენა გამოძიებაზე, მეტწილად წარუმატებელი იყო, რადგან პრეზიდენტის გარემოცვამ მისი ბრძანებები და მოთხოვნები არ შეასრულა. მალერის გამოძიების რედაქტირებული ვარიანტი კონგრესს შუადღემდე მიაწოდეს. დილით კი კონგრესმენთა წინააღმდეგობის მიუხედავად, პრესკონფერენცია მოიწვია გენერალურმა პროკურორმა ბარმა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთთან გარიგებას ადგილი არ ჰქონია. უილიამ ბარმა ბრიფინგზე დაადასტურა, რომ პრეზიდენტის პირად იურისტს საშუალება ჰქონდა მალერის რედაქტირებული დასკვნას გაცნობოდა.

ბარის პრესკონფერენციას მალევე მოჰყვა პრეზიდენტის განცხადება. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია.

ანგარიშის არარედაქტირებულ ვარიანტს კონგრესის რამდენიმე წევრს გააცნობენ. სპეცპროკურორი მალერი კანონმდებლებთან სასაუბროდ კონგრესში 23 მაისამდე უნდა მივიდეს.

დღის ამბები