26 აპრილი 2024,   11:04
ვრცლად
"ძალის დემონსტრირება დიალოგის ნაცვლად" - ოპოზიცია პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში, ხელისუფლებას ადანაშაულებს

"ძალის დემონსტრირება დიალოგის ნაცვლად" - ოპოზიცია პანკისში განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მათი განცხადებით, მთავრობას ადგილობრივებთან მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინა და ძალის გამოყენებაზე უარი ეთქვა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ამის ნაცვლად შს სამინისტრომ არათანმიმდევრული და დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგა.

„პასუხისმგებლობა, რომ აქამდე მივიდა საქმე, ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას მისი გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო და ეს არ ეხება ჰესებს. თუმცა ჰესების საკითხშიც, ისინი აბსოლუტურად არათანმიმდევრულები არიან. წლებია ვაფრთხილებდით, რომ ამ რეგიონში არის ძალიან რთული ვითარება და რომ მათი პოლიტიკა იყო დემონსტრირება ერთის მხრივ უძალობის და ერთის მხრივ უსამართლობის და ეს ყველაზე სახიფათო კომბინაციაა ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია.

პანკისში, სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას, ხელისუფლების უგუნური ნაბიჯების შედეგს უწოდებენ, „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„ეს იყო უგუნური ხელისუფლების გადაწყვეტილება, მეტი სახელი ამას არ შემიძლია დავარქვა. „ქართული ოცნების“ პრობლემა ის არის, რომ ისინი იმდენად შორს არიან ხალხისგან, რომ არ იცნობენ საკუთარ მოსახლეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილი და გახარია არ მიიღებდნენ. ასეთი მასშტაბის კონფლიქტამდე არ მივიდოდა საქმე, რომ ყოფილიყო ნორმალური დიალოგი ამ ხალხთან,“-აცხადებს ენმ-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი.

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული პროცესებზე სამართალდამცველებმა ეფექტური რეაგირება მოახდინეს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ვითარება დროულად იქნა დეესკალირებული. ირაკლი ბერაიას თქმით, გარდა ამისა ხელისუფლებამ დაიწყო დიალოგი მოსახლეობასთან, რათა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კონსენსუსი იქნას მიღწეული.

დღის ამბები