01 მაისი 2024,   12:34
ვრცლად
დაძაბულობა დავით გარეჯში - მესაზღვრეების თქმით, გზის ჩაკეტვა ადგილზე სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ გადაწყდა

დავით გარეჯში მდგომარეობის დაძაბვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა გამოიწვია. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ მალავენ, რომ ადგილზე სალომე ზურაბიშვილის ჩასვლის შემდეგ გადაწყვიტეს უდაბნოს ტაძრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა და კონტროლის გამკაცრება.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დღეს „კურიერთან“ ადასტურებდნენ, რომ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზები აზერბაიჯანულმა მხარემ მხოლოდ დროებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გახსნა.

მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება. უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4 დღის შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დღეს გახსნეს. ტერიტორიას ბოლომდე აკონტროლებენ, ტურისტებს ფოტოების გადაღების უფლებას არ აძლევდნენ.

სასულიერო პირების ნაწილი გარეჯის უდაბნოში შექმნილ ვითარებას უკიდურესად მწვავედ აფასებს და გამოსავლის მოძებნას ხელისუფლებისგან ითხოვს.

ეკლესიის მსახურებმა ჩიჩხატურის მონასტრის ისტორიაც გაიხსენეს და პარალელი გარეჯის დღევანდელ მოვლენებთან გაავლეს. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ თუ ქართული მხარე გარეჯის კომპლექსის ნაწილთან დაკავშირებითაც იგივე პოზიციას დაიკავებს, მაშინ უნიკალურ ქრისტიანულ სიწმინდეებთან დამშვიდობება მოუწევს.

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მისადგომთან ამ დროისთვის იმყოფებიან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც თითოეულ ბილიკზე მიმავალ მომლოცველს აკონტროლებენ და ტერიტორიას არც ერთი წუთით ტოვებენ.

დღის ამბები