30 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
"მთელმა ოჯახმა სცემა" - ახალგაზრდა ქალი ყოფილი ქმრის მეგობარს ძალადობაში ადანაშაულებს

ვანის პოლიციაში ახალგაზრდა ქალის და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ქალი ყოფილი ქმრის მეგობარს და მის ოჯახ, რომელიც ასევე მისი ნათესავებიც არიან, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

მან ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რის შემდეგაც ის იმერეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებლებმა დაკითხვაზე დაიბარეს და გამოკითხეს.

კურიერის ინფორმაციით, ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი ექსპერტიზაზე იმყოფებიან.

ახალგაზრდა ქალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღის პირველ ნახევარში ყოფილ ქმარს შვილი გააყოლა, დღის ბოლოს კი, შვილს სახეზე მრავლობითი დაზიანებები, დალურჯებები და ნაკაწრები აღენიშნებოდა. მისი თქმით, ამ ფაქტის გამო დაწყებული ჩხუბი ისე გამწვავდა, რომ ყოფილი მეუღლის მეგობრის ოჯახმა, რომლებიც ქალის ნათესავებიც არიან, სცემეს.

კურიერი ახალგაზრდა ქალის მამასაც ესაუბრა, რომელმაც შვილის ნაამბობი დაადასტურა.

„წაიყვანა გუშინ ბავშვი და მოვიდა სახედალურჯებული. ამის შემდეგ დედამ ითხოვა, რატომ მოხდა ასე და ეგ ნიკა გიორგაძესთან იკითხეთო. ავიდა ჩემი შვილი, იცემა და დაბრუნდა იქიდან ნაცემი. ნიკა გიორგაძე ჩემი ყოფილი სიძის ძმაკაცია. მთელმა ოჯახმა სცემა, ვისთანაც იყო,“ - განაცხადა ახალგაზრდა ქალის მამამ.

ყოფილი რძლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ყოფილი დედამთილი კატეგორიულად უარყოფს და ინციდენტის განსხვავებულ ვერსიას ყვება.

„მიხტომია ჯიპით და ნიკას იერიშით, რატომ გამილახა შვილიო. დაეტაკა თემოს, ჯიპის გასაღები ჩასცხო, მეტკინა დედაო, ლამის გონება დავკარგეო. დასისხლიანებული მოვიდა,“ - განაცხადა ახალგაზრდა ქალის ყოფილმა დედამთილმა.

ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ძალადობის შემთხვევები ადრეც მომხდარა, რის გამოც ქმარს გაშორდა. მისი თქმით, წლების განმავლობაში სამართალდამცველები არ იცავდნენ, რადგან მის ყოფილ მეუღლეს ადგილობრივ პოლიციაში გავლენიანი ახლობლები ჰყავს.

ამ ფაქტით არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ. უფლებადამცველები საკითხის შესწავლაში უკვე ჩაერთნენ.

„როგორც წესი, ასეთი შემთხვევები ხდება მაშინ, როდესაც ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდება ხოლმე მარტო ამ ძალადობის წინააღმდეგ. მას თავდაცვის შესაძლებლობები არ აქვს, სახელმწიფო არ ერთვება,“ - განაცხადა ფონდ ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის საქართველოს ოფისის კოორდინატორმა, იდა ბახტურიძემ.

დღის ამბები