02 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
გომელაურის მოხსენება პარლამენტში - ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, სხდომა დაიხურა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში პარლამენტში, დახურულ ფორმატში გაგრძელდება. ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დააყენა. გადაწყვეტილება კი კენჭისყრაზე მიიღეს, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა. 

გომელაურმა დეპუტატებს ანგარიში უკვე წარუდგინა. სხდომის ეს ნაწილი მედიისთვის ღია იყო.  

ოპოზიციამ სხდომის ღიაობა მოითხოვა. ხელისუფლების ოპონენტებმა საკითხების ინ ნაწილი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა, საჯარო ყოფილიყო. 

„გთხოვთ, რომ სანამ დაიწყება ბატონი გომელაურის გამოსვლა, ვიცოდეთ დეპუტატებმა, თუ გვექნება იმის საშუალება, რომ დებატები შედგეს საჯარო ფორმატში. ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულია, რომ ასეთი ტიპის უწყების ანგარიშის განხილვა ხდება საჯაროდ, თუმცა თუ არის რაღაც რაიმე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც უნდა გაჟღერდეს დღეს ამ ტრიბუნიდან,  მხოლოდ და მხოლოდ ის ნაწილი იხურება, რაც შეიძლება იყოს 10-15 წუთი. სხვა საკითხებზე, იქნება ეს მაჩალიკაშვილი, იქნება ეს პანკისში განვითარებული მოვლენები, გატაცებები ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე ტერიტორიებიდან თუ სხვა, ჩემი აზრით, არის საკითხები, რომლებიც შეგვიძლია, განვიხილოთ საჯარო რეჟიმში,“ - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

 სხდომის სრულად დახურვის წინააღმდეგი იყო „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია.  

„თქვენ ახლა მოგვმართავთ საჯარო ნაწილით თქვენი გამოსვლის, ანუ არის ნაწილები,  თქვენ თვითონ საჭიროდ თვლით, რომ საზოგადოებამ მოგისმინოთ და ჩვენ გვაქვს კითხები, რომელზეც ჩვენ ვთვლით საჭიროდ, რომ საზოგადოებამ მოგვისმინოს და ტექნიკურად შეგვიძლია, გარეთაც ვთქვათ იგივე კითხვები. ამის დახურვას არანაირი აზრი არ აქვს, გარდა უცნაური სურვილის, რომ თქვენ დისკომფორტი არ შეგიქმნან, ყოველ შემთხვევაში, მე ესე მეჩვენება. თუ თქვენც პრობლემა არ გაქვთ, ჩვენი კითხვები უნდა იყოს საჯარო და ამ კითხვებში ნაწილი, მე გარწმუნებთ, რომ იქნება ისეთი, რომელზეც თქვენ უნდა შეგეძლოთ ან შეგეძლებათ კიდეც, რომ საჯარო პასუხი გაგვცეთ. ნაწილი იქნება ისეთი, რომელზეც თქვენ შეიძლება გვითხრათ, რომ ამაზე პასუხი მოითხოვს სხდომის დახურვა და ბუნებრივია, მაშინ სხდომა დაიხურება“ - აცხადებს გიგია ბოკერია. 

მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ვახტანგ გომელაურის ყოველწლიური მოხსენება ოფიციალურად დაიხურა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მიზეზად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და საიდუმლო ინფორმაცია დაასახელა. 

 

დღის ამბები