10 მაისი 2024,   17:34
ვრცლად
მაია სტეფნაძე სახალხო დამცველის აპარატს TV "იმედიდან" გათავისუფლების საქმის შესწავლას სთხოვს

მაია სტეფნაძემ სახალხო დამცველის აპარატს ოფიციალური წერილით მიმართა და უწყებას ტელეკომპანია "იმედიდან" გათავისუფლების საქმის შესწავლას სთხოვა.

"იმედის" უკვე ყოფილი თანამშრომლის თქმით, მან ოფიციალურ განცხადებაში აღწერა ყველა ის გარემოება, რატომაც თვლის, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. ომბუდსმენის დასკვნის შემდეგ, მაია სტეფნაძე სასამართლოს მიმართავს.

TV "იმედის" ყოფილი პროდიუსერი აღნიშნავს, რომ კონკრეტული საქმე არის პოლიტიკური აზრის გამოხატვისთვის დისკრიმინაცია და დარწმუნებულია, რომ ამ კუთხით ის გაიმარჯვებს.

„ვარ სრულიად დარწმუნებული, რომ ნამდვილად ეს საქმე არის პოლიტიკური აზრის გამოხატვისთვის დისკრიმინაცია ანუ დევნა და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით მე გავიმარჯვებ. პირდაპირ აღვწერე სიტუაცია და მოვითხოვე ჩემი დაცვა, ანუ ამ სიტუაციაში გარკვევა, რადგან მე თავს მივიჩნევ ჩემი სიტყვის გამოხატვის გამო დისკრიმინირებულად. მე  ვქმნი ამ ჩემი საქმით პრეცენდენტს, რომ სხვა ადამიანებს უკვე გაუადვილდეთ თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა,“ - განაცხადა მაია სტეფნაძემ.

"იმედის" ყოფილი თანამშრომელი მაია სტეფნაძე ტელეკომპანია „იმედიდან“ Facebook პოსტის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზი სოციალურ ქსელში გაკეთებული ის განცხადება გახდა, სადაც მაია სტეფნაძე ხელისუფლებას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აკრიტიკებდა.

დღის ამბები