26 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ 

ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან ხმაური იყო. ადგილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი სანდრა რულოვსისგან ითხოვდნენ ახსნა-განმარტებას, რა სახსრებით შეიძინა მიხეილ სააკაშვილმა კალიფორნიაში ძვირადღირებული ვილა.

აქციის მონაწილეები მანამდე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და შემდეგ ოპოზიციის შტაბთან გადმოინაცვლეს. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ნიუ პოსტის“ ჟურნალისტსაც. 

„სახელისუფლებო ფლანგისგან შეკვეთა არ მოსულა, აქ რიგითი მოქალაქეები შევიკრიბეთ. მე პირადად ვარ სამოქალაქო აქტივისტი. მე გავუწიე ორგანიზება მოქალაქეების აქ მოსვლას. ვითხოვთ საჯაროდ, კითხვების დასმის უფლებას სანდრა რულოვსისთვის და მან გასცეს კითხვებს პასუხები,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე მივიდა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობას უჭირს და "ქართული ოცნების" მმართველობა აღარ სურთ. 

"გეგა შენგელიას და სერგეენკოს რომ ხვდებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, აი ის ხალხი, ტაშისმკვრელები მოიყვანეს ახლა ამ ოფისთან. მთავარი ამბავი არის, იმიტაცია უნდა შექმნან, რომ თურმე ზუგდიდში 50/50-ზეა სიტუაცია და თურმე ნაციონალებს ვინმე მიუვარდა. უკაცრავად, მაგრამ აბსოლუტურად სხვა განწყობაა ხალხში. ეს ადამიანები გავიდნენ ხალხში და კითხონ ხალხს, რა განწყობა აქვთ. უჭირთ ადამიანებს, "ქართული ოცნება" აღარ უნდათ“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

 

 

 

დღის ამბები