09 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სააპელაციო სასამართლომ განაჩენი შესაძლოა, 27 მაისს გამოაცხადოს

მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დასრულდა. მხარეებმა მოსამართლეთა კოლეგიას დასკვნითი სიტყვებით უკვე მიმართეს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განაჩენი შესაძლოა, 27 მაისს გამოაცხადოს, რადგან დღევანდელი სხდომა სწორედ ამ რიცხვამდე გადაიდო.

27 მაისს საბოლოო სიტყვით მიმართავენ მოსამართლეებს თავად მსჯავრდებულები, რის შემდეგაც სასამართლო სათათბიროდ გავა.

პროკურატურა ამბობს, რომ განხილვების დროს სასამართლოს დარწმუნება შეძლეს, რომ მათი მტკიცებულებები ობიექტურია და ამაზე დაყრდნობით უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.

„დაცვის მხარემ არსებულ ტრადიციას არ უღალატა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით, არასწორი ინტერპრეტაციებით შეეცადა ბრალდების მხარის პოზიციის გაბათილება, თუმცა იმდენად აბსურდული და უსუსურია ეს მცდელობა, რომ დარწმუნებული ვარ, მცდელობა მცდელობად დარჩება,“ - განაცხადა პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ.

დაცვის მხარის მტკიცებით მათ შეძლეს, გაებათილებინათ დაცვის მხარის პოზიცია. ისინი საქმეში არასანდო მოწმეების არსებობაზე მიუთითებენ. ერთ-ერთი არასანდო მოწმე დაცვის მხარისთვის მიხეილ კალანდიაა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას დაიკითხა.

„ეს გადაწყვეტილება იქნება ტესტი ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის. მინდა, რომ ჩვენმა სასამართლომ ეს ტესტი წარმატებულად ჩააბაროს. ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იქნას აქ გამოტანილი, არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ძალაში დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები