26 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
რუსეთის გავლენების შესუსტება - აშშ-ს კონგრესმენები ახალი მექანიზმების შემუშავებას ცდილობენ

ამერიკელი კონგრესმენები, ანალიტიკოსებთან ერთად, რუსეთის გავლენების შესუსტების ახალი მექანიზმების შემუშავებას ცდილობენ. ამ საკითხზე კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სპეციალური მოსმენა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომლის საფუძველიც ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერისა და რუსი ოლიგარქის ნათესავის გარიგება გახდა, იბიცაზე გადაღებული ფარული ვიდეო-ჩანაწერიც უჩვენეს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვაშინგტონმა სანქციები უნდა გააძლიეროს.

კანონმდებლებმა გაიხსენეს საქართველოში რუსეთის აგრესიაც, რომლის შემდეგაც მოსკოვის დამაზიანებელი ქმედებები არაერთ ქვეყანას მისწვდა.

„არ მგონია, რომელიმე წევრმა ამ ოთახში უარყოს ის ფაქტი, რომ რუსეთი, ბატონი პუტინის ხელმძღვანელობით მსოფლიოში დესტაბალიზაციის გამომწვევ ფაქტორად იქცა. რუსებმა დემოკრატიებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმები განავითარეს და მათი გამოყენების სურვილი გვიჩვენეს. როდესაც პუტინი ახალი მანევრის გამოყენებას ცდილობს, ის საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას ელოდება და თუ არაფერი მოხდა, ესკალაციას იწყებს. კრემლის მიერ განვითარებული და გამოყენებული ერთ-ერთი პირველი მექანიზმი იყო, ეთნიკური რუსების დაცვის საბაბით, საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. ღია მტრობა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს დაიწყო. ინტერვენციის საფუძველი კი ცოტა ხნით ადრე პუტინის მიერ ქართველებისთვის პასპორტების დარიგებამ შექმნა,“-აცხადებს კონგრესმენი ილინოისის შტატიდან, ადამ ქინზინგერი.

კონგრესმენი მასაჩუსეტსის შტატიდან ბილ ქითინგი კი აცხადებს, რომ როდესაც ყურადღებას ვამახვილებთ სამხედრო აგრესიაზე ისეთ ადგილებში, როგორებიც საქართველო და უკრაინაა, ასევე კიბერსაფრთხეებზე, კორუმპირებული გავლენის ოპერაციების იდეას ანალოგიური ყურადღება არ ექცევა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შტრახეს და მინისტრების გადადგომა დროებით შეასუსტებს რუსულ გავლენას, თუმცა არა ბოლომდე, რადგან მოსკოვს გავლენის ქსელი სხვადასხვა სფეროებში აქვს განვითარებული. სპეციალისტები ურჩევენ კონგრესს ამერიკის დემოკრატიულ პროცესში ჩარევის გამო დაიწყოს რუსული საბანკო და ენერგეტიკული სექტორების მიმართ მწვავე სანქციების განხილვა. ექსპერტებმა თქვეს, რომ რუსული ბანკები ისევე საშიშია, როგორც რუსული ტანკები.

დღის ამბები