26 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
გახარია გავლენის გაფართოებას ცდილობს - ფარული მოსმენების კონტროლი შესაძლოა შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ხელში აღმოჩნდეს

გიორგი გახარია გავლენის გაფართოებას ცდილობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე წარადგინა. ახალი კანონმდებლობით კი სწორედ ინსპექტორი შეითავსებს ფარული მოსმენების კონტროლის ფუნქციას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურა წარდგენილი.

ძალოვან უწყებას ამ ბრძოლაში არასამთავრობო სექტორი უპირისპირდება. საია-ს ხელმძღვანელი, სულხან სალაძე ამბობს, რომ 50-მდე აპლიკანტიდან თოლორაია ერთადერთია, ვინც სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. სალაძე ფიქრობს, რომ ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს და ამ თანამდებობაზე თოლორაიასთან ერთად სხვა კადრიც უნდა შეირჩეს, სხვა შემთხვევაში პროცესი ფორმალური და არაკონკურენტული იქნება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ახალი კანონით დიდი ძალაუფლება აქვს. ის აკონტროლებს ფარულ მოსმენებს და მას ევალება პოლიციელების, პროკურორების და სპეცსამსახურების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება.

არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ თუ ასეთი ძალაუფლების მქონე თანამდებობა გახარიას კადრის ხელში აღმოჩნდება, მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდება.

თამარ ქალდანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოსტს 2013 წლიდან იკავებს და ვადა 10 ივლისს ამოეწურება. ახალ კონკურსში მონაწილეობა იმის გამო არ მიიღო, რომ უწყება ფუნქციები დაუმატეს დაფინანსება კი არ გაუზარდეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შეფერხებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახალი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი ფორმალურია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის არჩევა ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსისთვის განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და ორ დღეში კანდიდატებთან გასაუბრებაც უნდა გაიმართოს. არასამთავრობო სექტორი ამ პროცესის საჯაროობას ითხოვს. არჩეული კანდიდატები, მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5, კომისიამ პრემიერს უნდა წარუდგინოს, თუმცა არსებული რეალობიდან ჩანს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გახარიას კადრი დაინიშნება.

დღის ამბები