28 აპრილი 2024,   10:19
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა კასპში - შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს

მკვლელობა და დაჭრა კასპში - სოფელ ხიდისყურში საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღელე კი დაჭრეს.

დაჭრილის ქალის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებული არავინაა, თუმცა შს სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი წლების წინ დაწყებული კონფლიქტია. ბაირამოვების და კულბანოვების ოჯახებს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ბაირამოვმა კულბანოვის ბიძა მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კულბანოვმა სისხლი აიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ხიდისყურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს. დაკავებულია 1981 დაბადებული მამაკაცი. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცოლ-ქმარს შურიძიების მიზნით, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, იარაღიდან არაერთხელ ესროლა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მამაკაცს, ხოლო მისი მეუღლე თავის არეში დაჭრა.

მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა კასპის საავადმყოფოში.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. 

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები