28 აპრილი 2024,   04:28
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოს პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში გააკეთა, სადაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ და საკანონმდებლო მიღწევებზე ისაუბრა,  თუმცა აღნიშნა, რომ პროგრესი არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პრეზიდენტმა ვრცლად ილაპარაკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უკანონო დაკავებებზე, გატაცებებზე, სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე და პირდაპირ თქვა, რომ მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსიფიკაციის პოლიტიკას ატარებს.

„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რთული ჰუმანიტარული ვითარებაა. შრომითი უფლებები არ არის გამონაკლისი. ე.წ გამშვებ პუნქტებთან გრძელდება სამხედრო კონტინგენტის მობილიზება, მოქალაქეების უკანონო დაკავებები და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანების გატაცებების პრაქტიკა, გახშირდა ადამიანების უფლებების დარღვევა ეთნიკური ნიშნით, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, შეიზღუდა ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება და აქტიურად მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინიც იყო მიწვეული, თუმცა პრეზიდენტის ნაცვლად ჟენევაში დიმიტრი მედვედევი იმყოფება.

დღის ამბები