26 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
შეიქმნას საგამოძიებო კომისია- მაჩალიკაშვილები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

კომისიამ 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პირები უნდა დაადგინოს და შეაფასოს, რამდენად ადეკვატური იყო ძალა, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შემქნის ინიციატივით უკვე რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მმართველი გუნდი კომისიის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„პარლამენტში უმრავლესობის წევრები იძახიან, რომ არ არის საჭირო. უმრავლესობა იმასაც იძახის, რომ თემირლანი დამნაშავე იყო. ეს ხელისუფლება მთლიანობაში ერთ ჯამში იხარშება, პროკურორიც, მოსამართლეც, ივანიშვილიც და პარლამენტის უმრავლესობაც და დანარჩენი ხელისუფლებაც. ამათ ეს უნდათ თუ არა, მე შევაგროვებ ამ ხელმოწერებს. ყველა ის ადამიანი, ვისაც კი თემირლანის სისხლში ურევია ხელი, უნდა დაიბარონ დაკითხვაზე,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედას იმედი აქვს, რომ თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, მისი შვილის უდანაშაულობის შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობს.

"მგონია, რომ საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნება, მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას და ამ ხელისუფლებას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ თემირლანი არ იყო ეჭვმიტანილი და კავშირში ამ ტერორისტულ აქტთან, ეს მინდა, რომ გაიგოს მთელმა მსოფლიომ,“ - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

დღის ამბები