28 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა არ არის ლეგიტიმური - ანრი ოხანაშვილი 

გიორგი გახარიას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და შესაბამისად მისი გადადგომის მოთხოვნა არ არის ლეგიტიმური - ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ანრი ოხანაშვილი საზოგადოების და ოპოზიციის ლიდერების მოთხოვნას გამოეხმაურა - 20 ივნისის ღამის მოვლენებზე აიღოს პასუხისმგებლობა შს მინისტრმა და დატოვოს თანამდებობა. 

ოხანაშვილის თქმით, შს მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა "ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან. 

რაც შეეხება კითხვას - მიიღო თუ არა გიორგი გახარიამ 20 ივნისს გადაწყვეტილებები პრემიერ ბახტაძის გვერდის ავლით - ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პრემიერსა და შს მინისტრს შორის კოორდინაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„გიორგი გახარიას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და შესაბამისად მისი გადადგომის მოთხოვნა არ არის ლეგიტიმური. შს სამინისტრო მოქმედებს მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვის რა კომუნიკაცია ჰქონდა და როგორ წარიმართა ეს კომუნიკაცია, ეს ჩემი მხრიდან ვერ გახდება მსჯელობის საგანი, იმიტომ, რომ მე ეს ინფორმაცია არ მაქვს,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას გუშინ, შს მინისტრმა თქვა, რომ განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. გახარიას თქმით, პოლიციელების დასაცავად იქნება მინისტრის პოსტზე მანამ, სანამ 20 ივნისის მოვლენების შესწავლა-გამოძიება არ დასრულდება. 

დღის ამბები