28 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
„აქციის მონაწილეთა მხრიდან რაიმე სახის სხეულის დაზიანება არ მიმიღია" - „კურიერმა“ სპეცრაზმელების ჩვენებები მოიპოვა

საპროტესტო აქცია პარლამენტთან და სისხლიანი ღამის შემდეგ დაწყებული რეპრესიები - 4 დაკავებული ახალგაზრდის საქმე აჩვენებს, რომ ქვეყანას ახალი პოლიტპატიმრები ჰყავს.

სამი-სამი სპეცრაზმელის გამოგონილი ჩვენებით ჩასვეს ციხეში ბესიკ თამლიანი. დაკავებული თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმა რუსული პასპორტი დახია და ნარჩენები საქართველოს პარლამენტის შადრევანში ჩაყარა. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ბესიკ თამლიანის დედამ რუსული პასპორტის დახევით სახელისუფლებო მედიას უპასუხა, რომელიც თამლიანის დაკავების შემდეგ აქციის მონაწილის რუსული კავშირების დადასტურებას მისი რუსეთის მოქალაქეობით ცდილობდა.

ბესიკ თამლიანის უფლებადამცველი იმ პარადოქსებზე საუბრობს, რომლებიც დაკავებულის საქმეში, მისი თქმით, მრავლადაა.

მტკიცებულებად საგამოძიებო უწყებას მხოლოდ ვიდეომასალა და 3 სპეცრაზმელის ჩვენება აქვს. თუმცა ვერც პოლიციელები და ვერც სპეცრაზმელები ვერ ამბობენ საკუთარ ჩვენებაში იმას, რომ დაკავებულმა მომიტინგემ მათ რაიმე სახის ზიანი მიაყენა. 

„შაბათის კურიერმა“ მოიპოვა ერთ-ერთი სპეცრაზმელის ჩვენება, სადაც გარკვევით წერია, რომ ბესიკ თამლიანს ჩაფხუტიანი და ფარიანი ძალოვანებისთვის ზიანი არ მიუყენებია. თუმცა სპეცრაზმელი აქვე ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ნამდვილად ცდილობდნენ, მათ შორის ბესიკ თამლიანის გამორჩევაც მოახერხა.

„აქციის მონაწილეთა მხრიდან რაიმე სახის სხეულის დაზიანება არ მიმიღია და შესაბამისად, არც სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმიმართავს," - წერია ერთ-ერთი სპეცრაზმელის ჩვენებაში.

საქმის აბსურდულობიდან გამომდინარე ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და მის გადაბარებას პროკურატურას სთხოვს.

ადვოკატი საერთოდ არ ჰყავს და ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს 32 წლის ზურა ბუდაღაშვილი. ბუდაღაშვილი მე-10 დღეა, შიმშილობს და მოძღვრის თხოვნის მიუხედავად, არ აპირებს, პროტესტის ამ ფორმაზე უარი თქვას. დაკავებულის ოჯახმა თავად მოიპოვეს კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აპირებს ბუდაღაშვილი, დატოვოს რუსთაველის გამზირი, რა დროსაც დარბევა იწყება. ბუდაღაშვილის დედის, მაგული გობეჯიშვილის თქმით, ზურა უსამართლოდ იყო დაკავებული წინა ხელისუფლების დროს და ახლა გამოძიება აქცენტს სწორედ მის ნასამართლეობაზე აკეთებს.

„ზურასთვის, ჩემთვის, ის თვალგამოთხრილი გოგო, ჩვეულებრივად, ერთი ერთში ჩემთვის, პირადად, მარო მაყაშვილია და ამას მთელი გრძნობით ვამბობ,“ - ამბობს ბუდაღაშვილის დედა.

კიდევ ერთი დაკავებულის, ცოტნე სოსელიას ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი და ამიტომ საქმის დეტალებს ვერ გაახმაურებს, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეუძლია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სოსელიას ნასამართლეობასთან დაკავშირებით ტყუილია.

ჯერ ადვოკატი არ ჩართულა მეოთხე დაკავებულის, კახაბერ კუპრეიშვილის საქმეში. ოჯახი მხოლოდ სატელეფონო კავშირზე გამოდის და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია 23 ივნისს კუპრეიშვილის მოსკოვში ჩასვლის შესახებ მიზანმიმართული ტყუილია.

 

ავტორი: მაკა ჩიხლაძე.

დღის ამბები