14 ოქტომბერი 2019,   15:52
ვრცლად
განადგურებული მოსავალი, დატბორილი სახლები, დაზიანებული გზები - სტიქიამ მარნეულის რაიონის 5 სოფელი დააზარალა

განადგურებული მოსავალი, დატბორილი სახლები, დაზიანებული გზები, სანიაღვრე არხები - მარნეულის რაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სამდღიანი გადაუღებელი ძლიერი წვიმის შემდეგ 5 სოფელი დაზარალდა, სეტყვამ დააზიანა ნაკვეთები, ღობეები, შიდა გზები, დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ქირაჩმუღალოში, სადაც სტიქიასთან გამკლავება მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევდა.

ადგილობრივების თქმით, სოფელში არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა, რამაც ხელი კიდევ უფრო შეუწყო ეზოებსა და ბაღებში წყლის შევარდნას.

ჯაფაროვების კუთვნილი ქვითკირის რამდენიმე მეტრიანი ღობე, უხვმა ნალექმა მთლიანად დაანგრია, მრავალშვილიანი ოჯახი უბედურებას იმით გადაურჩა, რომ სტიქიის დროს ეზოში არავინ იმყოფებოდა.

მარნეულის რაიონის სოფლები - ქირაჩმუღალო, საიმერლო, იმირი, წითელი სოფელი და კაჩაგანი უხვი ნალექის დროს ხშირად ზარალდება. ადგილობრივებმა მარნეულის მერს პრობლემის შესახებ არაერთხელ აცნობეს, თუმცა მათთან დასახმარებლად არავინ მისულა. მას შემდეგ კი რაც სტიქიის ზონაში „კურიერის“ გადამღები ჯგუფი ჩავიდა, ადგილზე სპეციალური ტექნიკა გამოჩნდა.

მარნეულის მერიაში ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია უკვე შექმნილია.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი. 

 

 

 


 

დღის ამბები