22 აგვისტო 2019,   23:27
ვრცლად
ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის - ახალგაზრდები რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების შეხვედრის ადგილი უცვლელია იქამდე, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ზუკა ბერძენიშვილი, რამდენიმე დღის წინ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. იმ დროს, როდესაც რუსთაველზე ანტისაოკუპაციო აქციის პარალელურად ლევან ვასაძის მომხრეები კონტრაქციას მართავდნენ, დავით ბერძენიშვილის შვილი აქციის სხვა ორგანიზატორთან ერთად, პოლიციამ ტერიტორიიდან იძულებით გაიყვანა. ახლა ამბობს, რომ ის, რაც რუსთაველზე 8 ივლისს ხდებოდა, სტანდარტული რუსული ხელწერაა. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ გეგუჩაძეა. ის საფრანგეთში სწავლობს, არდადეგებს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე ატარებს. საქართველოში 20 ივნისს ჩამოვიდა, აეროპორტიდან პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებს უკვე არბევდნენ.

მეგობრებთან ერთად მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" ერთი წლის წინ ჩამოაყალიბა. მარიამი და მისი მეგობრები ფიქრობენ, რომ ცნობიერების ამაღლება მოძრაობის მთავარი მისიაა. უნდათ, რომ საკუთარი საქმიანობით თითოეულ ადამიანს და მთავრობას, გამუდმებით შეახსენონ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

მარიამ გეგუჩაძე ფიქრობს, რომ დღეს ის და მისი თანამოაზრეები იმ ადამიანების მომავალსაც ცვლიან, ვინც მათი იდეური ოპონენტია. რუსთაველის გამზირზე ყოველდღე უკეთესი მომავლის შექმნისთვის იბრძვიან და ამას ნებისმიერი თაობის ადამიანისთვის აკეთებენ.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 

 

დღის ამბები