17 აგვისტო 2019,   22:34
ვრცლად
18-ში "რუსთავი 2"-ის ეზოში, ერთად ვიზეიმოთ სამართლიანობა

4 დღე სტრასბურგის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებამდე - 18 ივლისს, თბილისის დროით ზუსტად 12:00 საათზე სტრასბურგის სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე. უნდა ითქვას, რომ მმართველი გუნდი აქედანვე და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ცდილობს საზოგადოებაში შექმნას მცდარი აზრი თითქოს 18 ივლისს "რუსთავი 2" დამარცხდება ევროპულ სასამართლოში და თითქოს "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს გადაეცემა.

შეუძლია თუ არა სტრასბურგს "რუსთავი 2" მიაკუთვნოს ქიბარ ხალვაშს? - იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ კომპანიის, ან წილის მიკუთვნების საკითხებს, სტრასბურგი არ განიხილავს, შესაბამისად 18 ივლისს, ევროსასამართლო ქიბარ ხალვაშს ვერ მიაკუთვნებს "რუსთავი 2"-ს.

„ამ შეკითხვაზე მარტივად გაგცემთ პასუხს. არა, სტრასბურგის სასამართლო არ და ვერ გადაწყვეტს, ვის ეკუთვნის ტელეკომპანია "რუსთავი 2" იმიტომ, რომ კომპანიის ან წილის მიკუთვნების საკითხი საერთოდ არ შედის მის კომპეტენციაში. ასეთი საკითხები არ განიხილება სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, დაირღვა თუ არა "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელების უფლებები ქართულ სასამართლოებში. სასამართლოში სამივე ინსტანციამ განიხილა ეს საქმე და "რუსთავი 2" მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, თუმცა "რუსთავი 2"-მა და მისმა მფლობელებმა მიიჩნიეს, რომ მათი უფლებები ამ პროცესის განმავლობაში დაირღვა და სწორედ ამის დასადგენად მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს,  კერძოდ: სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და საკუთრების უფლება,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

იურისტი აცხადებს, რომ "რუსთავი 2" დაობს იმაზე, თუ რამდენად ნეიტრალური და ობიექტური იყვნენ მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღების დროს და ასევე რამდენად იყო გადაწყვეტილებები დასაბუთებული. რაც შეეხება  გამოხატვის თავისუფლებას, დავით ჯანდიერის თქმით, აქ იგულისხმება ის, რომ საქართველოში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე დავა მიზნად ისახავდა მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

„სწორედ ამას ემსახურება თქვენზე დაწყებული ყადაღა, რომელიც დღემდე მოქმედებს. ასევე ურთმელიძის განჩინება, რომლითაც მან არხზე დანიშნა დროებითი მმართველები, პირდაპირ ცენზურის გასატარებლად,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

იურისტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია თქვას ორი რამ, მათ შორის ის, რომ "რუსთავი 2"-ის მიმართ დარღვეული იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება.  

„სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია თქვას ორი რამ. პირველი, თქვა ჰქონდა თუ არა "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელების უფლებების დარღვევას ადგილი და თქვა დაირღვა თუ არა შესაბამისი მუხლი და მეორე, მიაკუთვნოს თანხობრივი კომპენსაცია "რუსთავი 2"-ს და მის მფლობელებს. სასამართლოს შეუძლია თქვას და დაადგინოს როგორც ერთი, ორი ან სამივე მუხლის დარღვევა. ან თქვას, რომ  საერთოდ არ ჰქონდა "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელების მიმართულებების დარღვევას ადგილი, რასაც მე პირადად გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ვესწრებოდი სასამართლო განხილვებს და კარგად ვხედავდი რა ხდებოდა. არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ სტრასბურგმა მაგალითად იმსჯელოს მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე. დაადგინოს დარღვევა და თქვას, რომ სხვა მუხლების განხილვა არც კი არის საჭირო იმდენად ნათელი არის სურათი. თუ კი მაგალითად სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, სახელმწიფო ვალდებული იქნება გააუქმოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშისთვის  კომპანიის მიკუთვნების შესახებ და ხელახლა განიხილოს "რუსთავი 2"-ის საქმე სტრასბურგის მიერ მითითებული დარღვევების გათვალისწინებით,"-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

შეუძლია თუ არა ხელისუფლებას 18  ივლისს "რუსთავი 2" გადაუფორმოს ქიბარ ხალვაშს? იურისტი აცხადებს, რომ  მსგავსი რამ გამორიცხულია, რადგან ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება მხარეებს დიდ პალატაში შეუძლიათ.

„სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევაში, ხელისუფლებას არანაირ უფლება არ ექნება "რუსთავი 2" გადაუფორმოს ქიბარ ხალვაშს იმიტომ, რომ უბრალოდ აღარ იარსებებს ხალვაშისთვის საკუთრების დარეგისტრირების არანაირი კანონიერი კონვენციასთან შესაბამისი აქტი და წინაპირობა. ამ საქმის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით, ასეთი შედეგი უნდა დადგეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაშიც. აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, როგორიც არ უნდა იყოს 18 ივლისის გადაწყვეტილება, ის მხოლოდ სამ თვეში შევა ძალაში  გამოქვეყნებიდან და მხარეებს როგორც "რუსთავი 2"-ს ასევე მთავრობას, რომელიც არ იქნება კმაყოფილი გადაწყვეტილებით, ან ორივეს ერთად, ამ სამი თვის განმავლობაში შეეძლებათ გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრონ. 18-ის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და უცვლელი გადაწყვეტილება,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ამ დრომდე "რუსთავი 2"-ს სტრასბურგის დროებითი ღონისძიება იცავს, რომელიც არ აძლევს საშუალებას ხელისუფლებას რომ კომპანიაში შემოვიდეს. საია-ში, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეზე მესამე მხარედ არის წარმოდგენილი აცხადებენ, რომ დროებითი ღონისძიება მოქმედებას აგრძელებს იმ დრომდე სანამ სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაში შევა.

"სასამართლომ წინამდებარე საქმეში ჩათვალა, რომ არსებობდა გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე "რუსთავი 2"-ისთვის და სწორედ ამიტომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება. დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადას რაც შეეხება, სასამართლოს გადაწყვეტილებით დროებითი ღონისძიება მიღებულია შემდგომ შეტყობინებამდე, რაც გულისხმობს იმას რომ სასამართლოს შემდგომ მითითებამდე მოქმედებს დროებითი ღონისძიება. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება სტრასბურგის სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე დავა, დროებითი ღონისძიება მოქმედებას აგრძელებს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიების მოქმედება კვლავ გრძელდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე სახელმწიფო "რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმებს, სტრასბურგის სასამართლოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას და ამავდროულად სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანობასა და ავტორიტეტს საფრთხის ქვეშ დააყენებს,“-საიას იურისტმა ნინო ჯომარჯიძე

დღის ამბები