17 აგვისტო 2019,   22:34
ვრცლად
გახარიას ინტერვიუ და ტყუილების კასკადი, რომლითაც მინისტრი სისხლიანი ღამის გამართლებას ცდილობს

20 ივნისს დაღვრილი სისხლის წაშლას, გავრილოვის ღამის მთავარი შემოქმედი სიცრუით ცდილობს.

გიორგი გახარია ყველას არწმუნებს, რომ აქციის მიზანი პარლამენტის შტურმი და სახელმწიფო გადატრიალება იყო, როცა ამგვარი განზრახვა მრავალსაათიანი ვიდეომასალის დეტალური გაანალიზების შემდეგ არ ვლინდება.

ირწმუნება, რომ გააფრთხილეს მოქალაქეები აქციის დარბევის თაობაზე, რაც ნამდვილად არ მომხდარა ასე.

ამბობს, რომ სასიკვდილო ტყვიები, დათხრილი თვალები, გახვრეტილი თავის ქალა, და დასახიჩრებული ადამიანები, იყო მხოლოდ მოგერიება და თანაც აუცილებელი.

ძალოვანი მინისტრი სიცრუეში პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში გამართული დებატების შემდეგ დაადანაშაულეს.

გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილს მოლაპარაკებებზე შესვლა არ უნდოდა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მათ თანხმობა განაცხადეს და მინისტრის პასუხს ელოდებოდნენ, როდესაც მოულოდნელად მომიტინგეებზე შტურმი დაიწყო. გახარიამ მოიტყუა ისიც, რომ აქციის მონაწილეები დარბევის დაწყებამდე გააფრთხილეს.

კიდევ ერთი სიცრუე, რაშიც გიორგი გახარიას ოპოზიცია ამხელს, ელჩების თემას უკავშირდება. შს მინისტრმა განაცხადა, რომ მასთან ერთად 20 ივლისის ღამეს დარბევას თვალს ელჩები ადევნებდნენ. საბოლოოდ გაირკვა რომ პარლამენტში იმ დღეს მხოლოდ გერმანიის ელჩი იყო და მანაც საკანონმდებლო ორგანოს შენობა დარბევის დაწყებამდე გაცილებით ადრე დატოვა. 

დღის ამბები