23 ოქტომბერი 2019,   05:21
ვრცლად
მასობრივი დაკავებები - პარლამენტთან დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება

მასობრივი დაკავებები და 20 ივნისის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებული დევნა -  ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი პროტესტი მწვავდება. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების მონაწილეები მცირე ხნით საზაფხულო რეჟიმზე გადასვლას გეგმავდნენ, თუმცა გეგმა შეცვალეს. 

აქციის ორგანიზატორები დღეს   რუსთაველის გამზირზე ისევ მასშტაბურ აქციას აანონსებენ.  ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პროტესტის გადაცემის ფორმატით გაგრძელება აღარ გამოვა, ვინაიდან ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური და პოლიტიკური ვითარებაა.

„მოგვიწია ისევ აქციების ფორმატში დაბრუნება და ამ ყველაფრის მიზეზი არის ზოგადად შექმნილი ფონი, არა მარტო პოლიტიკური, ეკონომიკური, მედია პლურალიზმი, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის "რუსთავი 2-ის" პრობლემის სახით. რეპრესიებია ქვეყანაში და ჩვენ აღარ გვაქვს არავითარი უფლება, რომ ასე მშვიდ, წყნარ გარემოში, გადაცემის ფორმატში გავაგრძელოთ პროტესტი. ყველამ ერთად სამშობლოს სამსახურში 7 საათზე გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც პროტესტმა გაიარა და 200 და 300 კაცით ვერაფერს ვერ დავუშავებთ. დავუშავებთ კი არა, აუცილებლად გადავაყენებთ და არასდროს ჩვენი ხელისუფალი აღარ იქნება მოძალადე,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

პარლამენტის წინ უკვე 38 დღეა, საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მათი მოთხოვნაა, გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია.

დღის ამბები