30 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
სასამართლოს წინაშე დავაყენებთ პირად თავდებობას... ალტერნატივის სახით ასევე, შევთავაზებთ გირაოს - ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი

ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და მეგობრები.

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი, გიორგი გელხაური აპირებს, რომ სასამართლოში შუამდგომლობა დააყენოს აღკვეთის ღონისძიების დატოვების გარეშე. თუმცა, ადვოკატის თქმით, თუ მის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს მოსამართლე, მხარე მზად არის, გადაიხადოს გირაოს სახით 10 ათასი ლარი.

„არ არსებობს საფუძველი იმის, რომ ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეფარდოს პატიმრობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღევანდელ პროცესზე სასამართლოს წინაშე დავაყენებთ პირად თავდებობას, სადაც საკმაოდ ცნობადი პირები უდგებიან თავდებში ბეჟან ლორთქიფანიძეს, ალტერნატივის სახით ასევე, შევთავაზებთ გირაოს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლოში ასევე იმყოფება სახეობათა კონსერვაციის ცენტრ ”ნაკრესის” გამგეობის თავმჯდომარე, ირაკლი შავგულიძე, ვისთან ერთადაც ლორთქიფანიძე მუშაობს. ირაკლი შავგულიძე ამბობს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე უდანაშაულოა.

„ეს არის ერთი დიდი აბსურდი, ჩვენ ვართ ახლა ამ აბსურდის მომსწრენი, რომელიც დიდი იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად დამთავრდება. შევაგროვეთ კიდევ მხარდაჭერის წერილები, ძალიან ბევრი ორგანიზაციისგან, შევაგროვეთ ხელმოწერები, ეს ხელმოწერები, ყველაფერი არის ჩაბარებული სასამართლოში და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამას სასამართლო გაითვალისწინებს,“ - ამბობს შავგულიძე.

National Geographic-ის მკვლევარი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, დაკავებული ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობდა და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდა პარლამენტის შენობაში შეჭრას.

დღის ამბები